საქართველოში უკრაინის ელჩი: უკრაინელი ხალხი ირჩევს უფრო მეტს, ვიდრე პარლამენტია

 საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ვასილ ციბენკო უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობას გამოეხმაურა. ელჩის შეფასებით, უკრაინელი ხალხი ირჩევს უფრო მეტს, ვიდრე პარლამენტია.
“ამ არჩევნებს გამორჩეულად დიდი მნიშვნელობა აქვს უკრაინის სახელმწიფოსთვის, ვინაიდან ხალხი დღეს ირჩევს უფრო მეტს, ვიდრე პარლამენტია. ისინი ხმას აძლევენ საკუთარ მომავალს, რომელიც განუყოფლად არის დაკავშირებული ევროპულ პერსპექტივასთან, ერთიან უკრაინასთან”, – აღნიშნა ციბენკომ.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის რადას საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოში საარჩევნო უბნები თბილისსა და ბათუმში გაიხსნა.
სოციოლოგების პროგნოზით, საპარლამენტო მარათონის უპირობო ლიდერია “პეტრო პოროშენკოს ბლოკი”. წინასწარი პროგნოზით, რადაში მოხვედრის შანსი კიდევ 5 პარტიას აქვს – იულია ტიმოშენკოს “ბატკივშინა”, ოლეგ ლეშკოს “რადიკალური პარტია”, არსენი იაცენუკი “სახალხო ფრონტი”, “ძლიერი უკრაინა” და “ოპოზიციური ბლოკი”.
აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების გამო საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება დონეცკის ოლქის ცხრა და ლუგანსკის ექვს ოლქში.
“დროებით ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსის შესახებ” კანონის თანახმად, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმსა და სევასტოპოლში არჩევნები არ გაიმართება. უკრაინული მედიის ცნობით, ამის გამო ქვეყნის უმაღლეს რადაში ნაცვლად 225 მაჟორიტარისა, სავარაუდოდ, 198 დეპუტატი მოხვდება, შესაბამისად დღეს, საერთო ჯამში, 450-ის (225 პარტიული სიით) ნაცვლად, რადას 423 დეპუტატი უნდა აირჩიონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები