დედაქალაქის საკრებულოს ისტორიულ შენობაში “თბილისობა 2014“ საზეიმოდ გაიხსნა

  თბილისობასთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიებები თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონიალით გაიხსნა.
ღონისძიებას თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო და მერია მასპინძლობდნენ.
მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ვიცე–პრემიერი, კახი კალაძე, ასევე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები, საპატიო სტუმრები, საკრებულოს პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, სასულიერო პირები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები. ამასთანავე, ღონისძიებას საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრებოდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე.
ღონისძიება თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ალიბეგაშვილმა გახსნა, რომელმაც შეკრებილ საზოგადოებას თბილისობა მიულოცა და აღნიშნა, რომ სასიხარულოა თბილისობის ღონისძიებების გახსნა სწორედ საკრებულოს განახლებულ ისტორიულ შენობაში.
„გილოცავთ დღევანდელ დღეს! სასიხარულოა, რომ 2014 წლის თბილისობის საიუბილეო დღესასწაული სწორედ საკრებულოს შენობაში იხსნება, რომელიც რესტავრაცია – განახლების შემდეგ ერთ–ერთი ულამაზესი ნაგებობაა ჩვენს დედაქალაქში. მოგეხსენებათ, მეცხრამეტე საუკუნის ამ შენობაში თავის დროზე დიმიტრი ყიფიანი უძღვებოდა სათათბიროს და ჩვენთვის დიდი პატივია ამ დიდი მოღვაწის გზის გაგრძელება“, – განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქმა ილია მეორემ ყველას თბილისობის დღესასწაული მიულოცა და დალოცა სრულიად საქართველო.
„დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისათვის. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ მადლობას ვწირავთ უფალს მისი დიდი წყალობისთვის. როცა ჩვენ ვდღესასწაულობთ “თბილისობას”, ჩვენ არ შეგვიძლია არ გავიხსენოთ ჩვენი დიდი წინაპრები: ვახტანგ გორგასალი, დავით აღმაშენებელი, თამარი, ერეკლე და სხვანი, რომლებიც იღწვოდნენ საქართველოსთვის, თბილისისთვის და თბილისელებისთვის. როცა ჩვენ ვამბობთ, ვლაპარაკობთ “თბილისობაზე” უპირველესად, ჩვენ უნდა ვიფიქროთ ჩვენს პასუხისმგებლობაზე ხალხის წინაშე, გაჭირვებული ხალხის, უმუშევართა წინაშე და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უმუშევარი ნაკლები იყოს საქართველოში და თბილისში. ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს და ღმერთმა ინებოს, რომ ქართველმა ხალხმა და თბილისელებმა იარონ წინ, დასძლიონ ყველა ის მძიმე წინააღმდეგობა, რომელიც ჩვენ გვხვდება. ჩვენი მომავალი ღვთის მადლით ნათელია და კურთხეული. კურთხეულ იყოს თბილისი, კურთხეულ იყოს თბილისელები და სრულიად საქართველო, ამინ!“, – აღნიშნა პატრიარქმა.
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, აღნიშნა, რომ დღეს თბილისი მთელი ქვეყნის მასპინძელია.
„ორი დღის განმავლობაში ჩვენ გავიხსენებთ ჩვენს მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს, ამ დღეებში ქალაქს დაუბრუნდება მხოლოდ ძველი თბილისისათვის ჩვეული ხიბლი და ამავე დროს, ჩვენ ვიზეიმებთ თანამედროვე თბილისთან ერთად. თბილისი ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი მრავალფეროვნებით და სწორედ ეს ქმნის მის განსაკუთრებულობას. ძნელია, სხვაგან მოიძებნოს ისეთი თბილი და კეთილმეზობლური დამოკიდებულება ხალხთა შორის, როგორიც ეს ამ ქალაქშია. თბილისში სრულიად ბუნებრივად ჩამოყალიბდა და მის მთავარ ღირებულებად იქცა სხვადასხვა ერის მშვიდობიანი თანაცხოვრება, საკუთარი ქალაქის მიმართ განუსაზღვრელი სიყვარული და ამ ურთიერთობების პატივისცემა“, – განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, ეს ტრადიციაა და ამ ტრადიციას გაფრთხილება და შენარჩუნება სჭირდება.
ამავე დროს საჭიროა იმაზე ფიქრი, თუ როგორ გახდეს თბილისური შემოდგომის ეს ლამაზი დღესასწაული საინტერესო და მიმზიდველი მთელი რეგიონისთვის, როგორ უნდა გახდეს თბილისი რეგიონის კულტურული და ეკონომიკური ცენტრი.
პრემიერმა ყველას მიულოცა საკრებულოს ისტორიული შენობის აღდგენა და განსაკუთრებით თბილისის არაქართულ მოსახლეობას, თბილისელ სომხებს, აზერბაიჯანელებს, ებრაელებს, უკრაინელებს, რუსებს, ქურთებს, იეზიდებს, ბერძნებს, ყველას, ვისთვისაც პრემიერის თქმით, თბილისელობა ნამდვილად საამაყო და საპატიოა.
ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ თბილისში ქალაქის განვითარების და წარმატების ახალი ეტაპი იწყება.
“ახალი სკვერები, ახალი სკოლები, ახალი გასართობი და დასასვენებელი ადგილები, ახალი სამუშაო ადგილები, – ეს ის მოკლე ჩამონათვალია, რაც ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ჩვენი დედაქალაქისთვის და ჩვენი თბილისის მოსახლეობისთის. დარწმუნებული ვარ, რომ თბილისის მერი ამ ყველაფერს ჩვენთან ერთად გააკეთებს. ჩვენი მიზანია, თბილისელებისთვის თბილისი იყოს ყველაზე ლამაზი და კეთილმოწყობილი ქალაქი, მთელი საქართველოსთვის კი ეს იყოს საამაყო დედაქალაქი. მინდა კიდევ ერთხელ ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე და გისურვოთ წარმატებები“, – განაცხადა პრემიერმა.
„თბილისობა უნიკალური დღესასწაულია, რომელიც თითქოს უძველესი არ არის, მაგრამ ერთსულოვნად აიტაცა ხალხმა, როგორც თბილისელებმა, ასევე სრულიად საქართველომ. სწორედ ამ ერთსულოვნებაში გამოიხატა ქვეყნის დედაქალაქისადმი მრავალსაუკუნოვანი ერთგულება და პატივისცემა. მოხარული ვარ, რომ წლევანდელ თბილისობას, ამ საიუბილეო ღონისძიებას საკრებულოს განახლებული შენობით ვხვდებით. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ შეგვენარჩუნებინა ამ შესანიშნავი შენობის არქიტექტურული სული, მისი ისტორიული დარბაზები. ჩვენ გადავწყვიტეთ წლევანდელი თბილისობა განსაკუთრებული ყოფილიყო არა მხოლოდ მრავალფეროვანი პროგრამით, არამედ იმ სიახლეებით, რომლებსაც თბილისელებს და სტუმრებს ვთავაზობთ“, – აღნიშნა დავით ნარმანიამ.
მისი თქმით, წელს პირველად თბილისობა აღინიშნება არა მხოლოდ თბილისის ცენტრალურ ნაწილში, არამედ ყველა რაიონში, იმართება ღვინის ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობას ღებულობენ „ღვინის ეროვნული სააგენტო“ და „სომელიეთა ასოციაცია“. გარდა ამისა, თბილისის მერის განცხადებით, წელს პირველად შემოდის თბილისზე მზრუნველის ნომინაცია, რაც ტრადიციად იქცევა. დავით ნარმანიას თქმით, ამ ჯილდოთი დედაქალაქის მთავრობას სურს მადლიერება გამოხატოს იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც წლების განმავლობაში დედაქალაქს უანგაროდ ემსახურებოდნენ.
„ამასთანავე, ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ და სათანადო პატივს მივაგებთ იმ ადამიანებს, ვინც წლების განმავლობაში აშენებდა თბილისს, ქმნიდა მის განუმეორებელ სახეს. სწორედ ასეთი ადამიანების ღვაწლის დასაფასებლად წლების წინ შეიქმნა თბილისის საპატიო მოქალაქის ჯილდო“, – განაცხადა თბილისის მერმა და ათ თბილისელს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა, რის შემდეგაც საკრებულოს შენობის ფოიეში გაიმართა კონცერტი, რომელზეც სხვადასხვა ქვეყნის ელჩებმა მოწვეულ სტუმრებს სასიამოვნო სიურპრიზი მოუმზადეს და თბილისს ქართველ მომღერლებთან ერთად უმღერეს. ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იონას პასლაუსკასმა და მისმა მეუღლემ ანსამბლ “ორერასთან“ ერთად ქართული პოპულარული სიმღერა “სულიკო“ შეასრულეს. პოლონეთისა და ესტონეთის რესპუბლიკების ელჩებმა, ანჟეი ჩიეშკოვსკიმ და პრიტ ტურკის ოჯახმა კი ქართულ ხმებთან ერთად გიორგი ცაბაძის “მუხამბაზი’’ და რევაზ ლაღიძის “თბილისო“ იმღერეს.
ღონისძიების დასასრულს საკრებულოს თავმჯდომარემ პრემიერ მინისტრს და მოწვეულ სტუმრებს საკრებულოს შენობის ფოიეში მოწყობილი ფოტოგამოფენა დაათვალიერებინა, რომელიც საკრებულოს შენობის ისტორიას ასახავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები