სამტრედია-გრიგოლეთის გზის მომდევნო მონაკვეთების პროექტირება დაიწყო
საავტომობილო გზების დეპარტამენტში სამტრედია-გრიგოლეთის გზის მშენებლობის პროექტის განხილვა გაიმართა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრესცენტრის ინფორმაციით, აღნიშნული 52 კმ-იანი გზის ჩქაროსნულ მაგისტრალად მოდერნიზების პროექტი 4 ეტაპად (ლოტად) ხორციელდება. აქედან, პირველი ლოტის – 11,5 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა მიმდინარეობს (ამ ეტაპზე სრულდება ტოპო–გეოდეზიური სამუშაოები). ხოლო, დანარჩენი 3 ლოტის მშენებლობისთვის დეტალური პროექტირების სამუშაოები დაწყებულია. პროექტირებაზე ქართულ-პორტუგალიური ერთობლივი კომპანია ”JV” მუშაობს. აღნიშნული კომპანიის წარმომადგენლებსა და დეპარტამენტის ხელმძღვანელობას შორის მუშა შეხვედრაზე პროექტის ტექნიკური დეტალები და საპროექტო სამუშაოების მიმდინარეობის დინამიკა განიხილეს. “სამტრედია-გრიგოლეთის მომდევნო მონაკვეთის პროექტირება 2014 წელს დასრულდება და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერიც მიმდინარე წელს გამოცხადდება“,- აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.