კომპანია „ჰიდროლეა“ მესტიაში სამ ჰიდროელექტროსადგურს ააშენებს
ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და კომპანია „ჰიდროლეას“ მმართველმა პარტნიორმა რადოსლავ დუდოლენსკიმ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის მიზნით ხელშეკრულება გააფორმეს. კომპანია ვალდებულებას იღებს, მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარეებზე – კასლეთი და დარჩი-ორმელეთი სამი ჰიდროელექტროსადგური ააშენოს. დღეისათვის, კომპანია „ჰიდროლეა“ ახმეტის რაიონში 9,2 მგვტ სიმძლავრის „ახმეტაჰესის“ მშენებლობას ახორციელებს. ენერგეტიკის სამინისტროსთან გაფორმებული მემორანდუმის შესაბამისად, კომპანიამ ჰესის მშენებლობა 2013 წლის ივლისში დაიწყო და ექსპლუატაციაში მიმდინარე თვის ბოლოს გაუშვებს. გარდა ამისა, კომპანია აწარმოებს „ფშაველაჰესისა“ (1,9 მგვტ) და „დებედაჰესის“ (2,5 მგვტ) მშენებლობისათვის აუცილებელ მოსამზადებელ სამუშაოებს. ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა წელს დაიწყება და 2015 წლის დასაწყისში დასრულდება. კომპანია „ჰიდროლეას“ მიერ საქართველოს ენერგეტიკაში განხორციელებულმა ინვესტიციამ 12 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა.