თბილისსა და რეგიონებში რაგბის მოედნების მშენებლობა იწყება
საქართველოში რაგბის ინფრასტრუქტურის განვითარების ახალი ეტაპი იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ინფრასტრუქტურის სამინისტრო დედაქალაქსა და სხვადასხვა რეგიონში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სარაგბო მოედნების მშენებლობასა და პროექტირებას იწყებს.
„აშენდება 12 ხელოვნურ საფარიანი მოედანი: თბილისის ზღვის მიმდებარედ, ფონიჭალაში, თბილისის 180-ე საჯარო სკოლის ტერიტორიაზე, წეროვანში, წყალტუბოში, გურჯაანში, საჩხერეში, ყაზბეგში, ლენტეხში, ამბროლაურში, სურამში და ცაგერში (ორბელი-ლაჯანა).
გარდა ამისა, 2 ბუნებრივსაფარიანი მოედანი მოეწყობა ქუთაისსა და წყალტუბოში (გუმბრა).
სარაგბო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის მომზადდება ორმოედნიანი სტადიონების პროექტები საგარეჯოს, ხაშურის, ოზურგეთისა და ბოლნისისთვის. თბილისში, ვარკეთილში კი დაგეგმილია ბუნებრივსაფარიანი სტადიონის პროექტირება, რომელიც საერთაშორისო თამაშებსაც მოემსახურება.
ქვეყნის მასშტაბით სარაგბო მოედნების მშენებლობა მნიშვნელოვანია სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობისა და ქვეყნის სარაგბო ტრადიციების კიდევ უფრო გაძლიერებისთვის“, – ნათქვამია ინფორმაციაში.