ათენში, აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო ბანაკი განხორციელდა

აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტომ, ათენის მერიის მხარდაჭერით, საბერძნეთის დედაქალაქ ათენში, აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო ბანაკი განახორციელა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები ორი კვირის განმავლობაში მრავალფეროვან, კულტურულ-შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობდნენ, ასევე მათთვის მოეწყო ექსკურსიები ქალაქ ათენის ისტორიულ ადგილებში.

ბანაკის დახურვის ღონისძიებაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთის რესპუბლიკაში ლევან ბერიძე და სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რომლებიც აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს შეხვდნენ და სერტიფიკატები გადასცეს.

„ბანაკის დახურვის ღონისძიებაზე ახალგაზრდებმა წარმოადგინეს ქართული ცეკვები და სიმღერები, რაც განსაკუთრებულად ემოციური და ამაღელვებელი იყო როგორც ჩვენთვის, ასევე ბერძენი საზოგადოებისთვის. ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს ჩვენი ქვეყნის სიძლიერესა და სიმტკიცეს.

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ათენის მერიას თანადგომისა და დახმარებისთვის, რომლის მხარდაჭერით ყოველწლიურად უფასოდ ვახორციელებთ ათენის საერთაშორისო ბანაკს.“ – განაცხადა მინისტრმა დავით ფაცაციამ.

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები