გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით სტუ-ში რექტორთა საბჭო გაიმართა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში რექტორთა საბჭო გაიმართა, რომელშიც საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების რექტორები და წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა უმაღლესი განათლების მიმართულებით ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს როგორებიცაა: სახელმწიფო ენის სწავლების სპეციალური კურსის უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე სავალდებულო სწავლების წესი; სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კონფერენცია – მნიშვნელობა და შედეგები; საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ საზღვარგარეთ ფილიალის გახსნა და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაცია; უნივერსიტეტების მიერ შემოთავაზებული სხვა მიმდინარე საკითხები.
შეხვედრის დასასრულს, უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა სამინისტროსთან აქტიური და კოორდინირებული მუშაობის მზაობა გამოთქვეს.
რექტორთა საბჭოში მონაწილეობა ასევე მიიღო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ.