შსს-ს სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, წითელი ხიდის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „სადახლოსა“ და „ვახტანგისის“ დასაცავ მონაკვეთებზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე – 1979 წელს დაბადებული ა.ნ., 1993 წელს დაბადებული მ.ნ., 1989 წელს დაბადებული მ.ე. და 2006 წელს დაბადებული მ.ი. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა ა.ნ.-მ და მ.ე.-მ სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, სომხეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, ხოლო ბრალდებულებმა მ.ნ.-მ და მ.ი.-მ სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და შემოვიდნენ საქართველოში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები