პოლიციამ ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მთავარი საგამოძიებო  სამმართველოს და დეტექტივების (ოპერატიული) სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ბრალდებით 1999 წელს დაბადებული გ.ო. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დასაქმებული იყო თბილისში, ერთ-ერთ საკანცელარიო მომსახურების ობიექტში, სადაც შესაბამისი ტექნიკის გამოყენებით, სხვადასხვა სახის დოკუმენტის, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლის სამსახურებრივ მოწმობასა და თბილისის მერიის ავტომობილის საშვს აყალბებდა.

საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, სამართალდამცველებმა, გ.ო.-სგან გარკვეული თანხის სანაცვლოდ ყალბი დოკუმენტაცია შეიძინეს.

სამართალდამცველებმა, ბრალდებული თბილისში დააკავეს. დაკავებულის სამუშაო ოფისის და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოღებულია პერსონალური კომპიუტერები და სპეციალური ტექნიკა, რომელთა საშუალებითაც იგი ყალბი დოკუმენტების დამზადებას ახდენდა. ასევე ამოღებულია, ყალბი მართვის მოწმობა და მართვის მოწმობის დამზადებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყალბი დოკუმენტის დამზადებასა და გასაღებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები