მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გასული თვის მანძილზე უცხო ქვეყნის 100 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს სხვა შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო კოორდინაციით, გასული თვის მანძილზე, საქართველოდან უცხო ქვეყნის 100 მოქალაქის გაძევება განხორციელდა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
აგვისტოს თვეში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: ერაყის, ეგვიპტის, თურქეთის, თურქმენეთის, ინდოეთის, იორდანიის, ირანის, სირიის, პაკისტანის, რუსეთის, კენიის, ლიბანის, აზერბაიჯანის, ბულგარეთის, ბანგლადეშის, ბელორუსის, ლიეტუვის, ნიგერიის, სომხეთის, ჩინეთისა და ყირგიზეთის – ჯამში 100 მოქალაქე. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ყველა მათგანს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი, ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს წარმოადგენს. დეპარტამენტის ერთ-ერთი კომპეტენციაა საქართველოში, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევების განხორციელება.