კახა კალაძე: ჩვენს გუნდს საარჩევნოდ საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს, ოპოზიციაზე საუბარი კი არ მინდა, რადგან თავად ვერ გარკვეულან ერთმანეთში

„არჩევნებისთვის მზადება უკვე დაწყებული გვაქვს. არასდროს ვწყვეტთ კომუნიკაციას ხალხთან და ეს არის ჩვენი გუნდის ძალიან დიდი სიძლიერე“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, მედიასთან ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხზე კომენტირებისას ისაუბრა.

კახა კალაძის თქმით, მას არ სურს ოპოზიციაზე საუბარი, რადგან ისინი თავად ვერ გარკვეულან მიიღებენ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას, ან ვინ იქნება მერობის მათი კანდიდატი.

„ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რადგან საქმე ეხება კონკრეტულ უბნებში, რაიონებში საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას. ბოლო წლებში ბევრი კარგი პროექტი განხორციელდა, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში, სოფლებში, ქალაქებში. ცხადია, არსებობს გამოწვევები. მე თბილისზე ძალიან ბევრი შემიძლია ვისაუბრო, რადგან ყველა პრობლემა ვიცით, რაც უნდა მოგვარდეს და რა უნდა გაკეთდეს. გვაქვს საკმაოდ ამბიციური გეგმები. ოპოზიციაზე არ მინდა ვისაუბრო. ეს არ არის ჩემი საქმე. თავად ვერ გარკვეულან ერთმანეთში. არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ, როგორი ფორმით წარდგება არჩევნებში. მთავარი არის ის, რომ ჩვენ არჩევნებისთვის მზადება უკვე დაწყებული გვაქვს. არასდროს ვწყვეტთ კომუნიკაციას ხალხთან და ეს არის ჩვენი გუნდის ძალიან დიდი სიძლიერე. ერთადერთი პარტია, ვისაც რეალურად გააჩნია კონკრეტული ხედვა, თუ რა უნდა გაკეთდეს თუნდაც დედაქალაქში და როგორ ვუპასუხოთ გამოწვევებს, ეს არის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას, იქნება თუ არა კახა კალაძე თბილისის მერობის კანდიდატი, მისი თქმით: „თქვენ ძალიან ნერვიულობთ ჩემს კანდიდატურაზე. გაგიხარდებათ, როგორც მოქალაქეს, მე რომ ვიყო თბილისის მერი? დაელოდეთ და თავის დროზე ყველაფერი ცხადი გახდება“.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ აგვისტოში მაჟორიტარობის კანდიდატებს წარადგენს და მათ შორის ახალი სახეებიც იქნებიან.

„აგვისტოში უკვე წარვადგენთ მაჟორიტარობის კანდიდატებს და დეტალურ ინფორმაციას მივაწვდით საზოგადოებას. გვეყოლება ახალი სახეებიც. მნიშვნელოვანია ხალხში გასვლა, პირდაპირი კომუნიკაცია. ვინც დიდი ხანია საკრებულოშია და ჩვენს გუნდს წარმოადგენს, მათ მოსახლეობასთან კონტაქტი არასდროს გაუწყვეტიათ. ახალი სახეებიც პირველივე დღიდან ჩაერთვებიან ამ პროცესში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები