პოზიცია: სახელმწიფომ მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს ამ პრობლემის მოგვარებაში

 

   არასამთავრობო ორგანიზაცია “პოზიცია” დღეს თბილისში მომხდარ შემზარავ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მომხდარი შემაშფოთებელია და ყოველგვარი ძალადობა დასაგმობი.
“არასამთავრობო ორგანიზაცია “პოზიცია” შეშფოთებას გამოხატავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო და პირველ რიგში გარდაცვლილის ოჯახებს უსამძიმრებს ამ უდიდეს ტრაგედიას.
ძალადობის ნებისმიერი ფორმა დასაგმობია! მითუმეტეს მაშინ, როდესაც საქმე ოჯახობრივ ძალადობასთან გვაქვს! ნებისმიერ ადამიანს აქვს სიცოცხლის უფლება და როცა ამ უფლებას, თუნდაც ეჭვიანობის ნიადაგზე გართმევენ, ეს უკვე საკმაოდ სახიფათო და საგანგაშოა, როგორც ერისთვის ისე ქვეყნისთვის!
ვფიქრობთ, რომ ეს პრობლემა სიღრმისეულ შესწავლას საჭიროებს. სახელმწიფოს აქვს იმის რესურსი, რომ მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ამ პრობლემის მოგვარებაში და მისასალმებელია მისი ერთ-ერთი პრიორიტეტი, რომელიც ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას გულისხმობს, თუმცა იმისთვის, რომ პრობლემა ეფექტიანად აღმოიფხვრას, მიგვაჩნია, რომ სახელმწიფოსთან ერთად, გარკვეული პასუხისმგებლობა თავად საზოგადოებამაც უნდა აიღოს და მის განხილვაში აქტიურად უნდა ჩაერთონ, როგორც ფსიქოლოგები, ასევე სოციოლოგები.
ოჯახი, ეს არის ქორწინების საფუძველზე შექმნილი მცირე სოციალური ჯგუფი, რომლის წევრები დაკავშირებული არიან ერთმანეთთან ყოფა-ცხოვრების ერთიანობით, ურთიერთმხარდაჭერით და მორალური პასუხისმგებლობით.
ოჯახი ასრულებს უდიდეს როლს, როგორც ცალკეული პიროვნების, ასევე მთელი საზოგადოების ცხოვრებაში და მიგვაჩნია, რომ ძლიერი ოჯახი, ძლიერი ქვეყნის საწინდარია!” – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები