არქეოლოგთა მომავალ მსოფლიო კონგრესს 2027 წელს, თსუ უმასპინძლებს

არქეოლოგთა მომავალ მსოფლიო კონგრესს 2027 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს. გადაწყვეტილება ამის შესახებ ოფიციალურად გამოცხადდა ლიონში (საფრანგეთი) მსოფლიო კონგრესის სხდომაზე. ოფიციალურ წერილს კონგრესის საორგანიზაციო კომიტეტისგან თსუ მოგვიანებით მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, არქეოლოგთა მსოფლიო კონგრესის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარების წერილით საორგანიზაციო კომიტეტს თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ მიმართა: „გამოვხატავთ ჩვენს გულწრფელ ინტერესს 2027 წლის არქეოლოგთა მსოფლიო კონგრესის (ICAANE) მასპინძლობის მიმართ.

“როგორც რეგიონის ერთ-ერთი წამყვანი აკადემიური დაწესებულება, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღრმად არის ჩართული არქეოლოგიური კვლევების წინსვლასა და საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის ხელშეწყობაში. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს მდიდარი არქეოლოგიური მემკვიდრეობა და ჩვენი უნივერსიტეტის დიდი ხნის გამოცდილება ახლო აღმოსავლეთის კვლევებისადმი ქმნის იდეალურ გარემოს ამ დონის კონგრესისთვის.

ჩვენთვის დიდი პატივი იქნება, თუ თბილისში მივესალმებით მონაწილეებს მთელი მსოფლიოდან, ქალაქში, რომელიც აკავშირებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს და გთავაზობთ უნიკალურ ისტორიულ და კულტურულ ფონს მნიშვნელოვანი სამეცნიერო გაცვლისთვის.

დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი შესაძლებლობა, პროფესიული გამოცდილება საერთაშორისო ღონისძიებების ორგანიზებაში და ჩვენი აკადემიური საზოგადოების სტუმართმოყვარეობა უზრუნველყოფს 2027 წლის წარმატებულ და დასამახსოვრებელ ღონისძიებას.

მოუთმენლად ველით შესაძლებლობას, მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ICAANE-ს კომიტეტთან და შევიტანოთ ჩვენი წვლილი ამ მნიშვნელოვანი აკადემიური ინიციატივის წარმატებაში.“

არქეოლოგთა მსოფლიო კონგრესი 1998 წლიდან ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. ამ ხნის განმავლობაში კონგრესს მასპინძლობდნენ იტალიის, დანიის, საფრანგეთის, გერმანიის, ესპანეთის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის, შვეიცარიის, ავსტრიის წამყვანი უნივერსიტეტები.

პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველად არქეოლოგთა მსოფლიო კონგრესი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2027 წელს გაიმართება, რაც ქართველი არქეოლოგების წარმატების და თსუ-ის საერთაშორისო აღიარების დასტურია,”- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები