ჩრდილოეთ ინდოეთში წვიმასთან დაკავშირებულ ინციდენტებს შვიდი ადამიანი ემსხვერპლა. წყლით დაიტბორა დელი, გურუგრამი, ფარიდაბადა და მათურა,- ინფორმაციას “როიტერი” ავრცელებს.
ნიუ დელიში, ჭექა-ქუხილის დროს ხე იმ ოთახს დაეცა, სადაც ოჯახის წევრებს ეძინათ, რის შედეგადაც ოჯახის ოთხი წევრი დაიღუპა.
ინდოეთის მეტეოროლოგიური დეპარტამენტის (IMD) ცნობით, ქალაქში ქარის სიჩქარე საათში 70-დან 100 კმ-მდე მერყეობდა და 2021 წლის შემდეგ ყველაზე ძლიერი მაისური წვიმა დაფიქსირდა.
საზოგადოებრივი სამუშაოების დეპარტამენტის ცნობით, წყალდიდობისა და სხვა პრობლემების მოსაგვარებლად სწრაფი რეაგირების 150 ჯგუფი იყო მობილიზებული.
როგორც „როიტერი“ წერს, აეროპორტის ტერიტორია დატბორილია. ჭექა-ქუხილისა და ძლიერი ქარის გამო სამი რეისი გადამისამართდა და 200-ზე მეტი რეისი გადაიდო.
აღსანიშნავია, რომ გასულ თვეს, უჩვეულოდ ძლიერმა წვიმებმა აღმოსავლეთი და ცენტრალური ინდოეთი და ნეპალის ზოგიერთი ნაწილიც მოიცვა, რასაც 100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.