გივი მაჭარაშვილი ევროპის სამგზის ჩემპიონია
ბრატისლავაში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარაშვილმა (97 კგ) ევროპის ჩემპიონობა ზედიზედ მესამედ იზეიმა. მან ფინალში ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე მაგომედ ყურბანოვი ანგარიშით 3:2 დაამარცხა, – ამის შესახებ ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, მეოთხედფინალში გივი მაჭარაშვილმა პოლონელი რადოსლავ ბარანი, ნახევარფინალში კი უნგრელი რიჩარდ ვეგი დაამარცხა.
„ამ ეტაპზე საქართველოსთვის ანგარიშზე სამი მედალია: ერთი ოქრო და ორი ბრინჯაო, ტურნირი მესამე ადგილზე აკაკი ქემერტელიძემ(70 კგ) და ვლადიმერ გამყრელიძემ(79 კგ) მოიპოვეს.
გივი მაჭარაშვილი 2024 წლის პარიზის ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონია.
ქართველი სპორტსმენები ტურნირზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.