სურსათის ეროვნული სააგენტო: სარეალიზაციო ქსელიდან სრულად არის ამოღებული რძის ის კონკრეტული პარტია, სადაც აფლატოქსინ M1 დაფიქსირდა

“სურსათის ეროვნული სააგენტო, საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე განმარტავს, რომ სარეალიზაციო ქსელიდან სრულად არის ამოღებული რძის (“სოფლის ნობათი”) ის კონკრეტული პარტია, სადაც აფლატოქსინ M1 დაფიქსირდა”,- ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, პროდუქციის ამოღების პროცესს სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები მთელი ქვეყნის მასშტაბით უწევენ ზედამხედველობას.

“კომპანია “ვიმ- ბილ-დან საქართველო” აქტიურად თანამშრომლობს სააგენტოსთან და დარღვევის გამოვლენისთანავე, მყისიერად დაიწყო პროდუქციის ბაზრიდან გამოთხოვა. ამჟამად სარეალიზაციო ქსელში არსებული “სოფლის ნობათის” პროდუქცია (რძე, მაწონი, არაჟანი,ხაჭო და სხვ.) სრულად შეესაბამება უვნებლობის სტანდარტებს.

„სურსათის ეროვნული სააგენტო რძის გადამამუშავებელ კომპანიებს გეგმურად წელიწადში მინიმუმ 4-ჯერ მაინც ამოწმებს. შარშან სააგენტომ რძის მწარმოებელი ბიზნესსექტორი დაახლოებით, 1500-ჯერ შეამოწმა და 1031 ნიმუში აიღო, მათ შორის “ვიმ- ბილ-დან საქართველო “15- ჯერ შემოწმდა (ინსპექტირება, დოკუმენტური შემოწმება, ნიმუშების კვლევა სხვადასხვა მაჩვენებელზე, მათ შორის აფლატოქსინზე) და არცერთი დარღვევა არ გამოვლინდა.

სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს რძის მწარმოებელი კომპანიების კონტროლს და ლაბორატორიულ კვლევას, რომლის შედეგებიც პერიოდულად ეცნობება საზოგადოებას.
სურსათის ეროვნული სააგენტო, აფლატოქსინის შემცველობაზე რძეს ევროკავშირის რეგულაციის შესაბამისად 2022 წლიდან იკვლევს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები