მაიკლ იენსენი ევროსაბჭოს რეზოლუციას „პარტიზანულს“ და „ნაცმოძრაობის“ რეზოლუციას უწოდებს

ევროსაბჭოს მომხსენებელი მაიკლ იენსენი საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს შესახებ ორი კვირის წინ მიღებულ რეზოლუციას „პარტიზანულს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ რეზოლუციას უწოდებს.
„კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში იენსენი აცხადებს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოში არსებული პოლიტიკური პოლარიზება ევროპის კონსერვატიულ პარტიებს „გადასდო“, შედეგად კი „ევროპის სახალხო პარტია“ და ბრიტანელი კონსერვატორები ცდილობდნენ, მისი თანამომხსენებლისთვის „ჭკუა ესწავლებინათ“.
„სახელებს ვერ დავასახელებ, მაგრამ ეს უნდა მეთქვა, რადგან ძალიან უკმაყოფილო ვარ იმით, რაც მოვისმინე – ეს არ არის ნაყოფიერი თანამშრომლობა. შედეგად მივიღეთ რეზოლუცია, რომელიც არ იყო დაბალანსებული – განსაკუთრებით მისი ბოლო ნაწილი, რომელიც ერთობ ნეგატიური აქცენტებით მთავრდებოდა, ნაცვლად პოზიტიურისა, როგორც ჩვენ ამას ვაპირებდით. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების დაპატიმრება ჩრდილავდა ყველა სხვა პოზიტიურ ასპექტს, თუმცა მე ვერ დავეთანხმები ასეთ მიდგომას. რაშიც ვეთანხმები „ნაციონალურ მოძრაობას“ და რაც დავაფიქსირეთ კიდეც მოხსენებაში, არის ის, რომ შერჩევითი სამართალი მიუღებელია. მე რომ საქართველოს მთავრობაში ვიყო ან „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი პარლამენტში, აუცილებლად ვიტყოდი, რომ ეს „პარტიზანული“, ცალმხრივი რეზოლუციაა. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ რეზოლუცია. ეს არ არის ჩვენი, ორი მომხსენებლის მიერ მომზადებული დოკუმენტი, მომხსენებლებისა, რომლებიც ხშირად არიან საქართველოში და თვალს ადევნებენ მის განვითარებას. არა, ეს არის „ევროპის სახალხო პარტიის“ ანგარიში. ჩემი აზრით, ასეთი დოკუმენტი არაფერში გამოდგება – ის ცალმხრივია“, – აღნიშნავს ევროსაბჭოს მომხსენებელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები