არასტანდარტულ ვაშლზე სუბსიდიის გაცემა რაჭაშიც დაიწყო

შიდა ქართლის შემდეგ, არასტანდარტულ ვაშლზე სუბსიდიის გაცემა რაჭაშიც დაიწყო. სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, რაჭა-ლეჩხუმისა და ზემო სვანეთის გუბერნატორი პაპუნა მარგველიძე და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მარიანა მორგოშია ვაშლის ჩაბარების პროცესს გაეცნენ.
სამინისტროს ინფორმაციით, „ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროექტის“ ფარგლებში, 9 ოქტომბრიდან მოსახლეობისგან ვაშლის ჩაბარებას ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მდებარე შპს GEO-FLOWER-ის ხილის გადამამუშავებელი ქარხანა ახორციელებს.
,,ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება გრძელდება. ეს მნიშვნელოვანი ღონისძიებაა მოსახლეობისთვის. ასევე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეიმუშავა არაერთი პროექტი, რომელიც ხელს უწყობს გადამამუშავებელი საწარმოების შექმნას. აღსანიშნავია, რომ ხილის გადამამუშავებელი კომპანია GEO-FLOWER, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში წარმოების გაზრდას გეგმავს. სეზონზე ქარხანაში 500 ტონამდე არასტანდარტული ვაშლის მიღებას ვარაუდობენ.
მაღალმთიანი რეგიონისთვის, ისეთის როგორიც რაჭაა, ამ ტიპის საწარმოების ფუნქციონირება მნიშვნელოვანია. ეს მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ადგილობრივი წარმოების ზრდას და, ზოგადად, სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებას შეუწყობს ხელს“, – აღნიშნა ოთარ დანელიამ.
რაჭაში შპს GEO-FLOWE-ის ქარხანამ 30 ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი მიიღო. აღნიშნული კომპანია მშრალ ხილსაც აწარმოებს. GEO-FLOWE-ი სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვი სააგენტოს „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში სესხის აღებას და წარმოების გაფართოვებას აპირებს. წარმოებული მშრალი ხილი ექსპორტზე გერმანიაში გადის. ამ ეტაპზე საწარმოში დასაქმებულია 50-მდე ადამიანი.
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით ჯამში მიღებულია 15 ათას ტონამდე არასტანდარტული ვაშლი. 13 ოქტომბრის მდგომარეობით, სუბსიდიის სახით გაცემულმა თანხამ 1,5 მლნ ლარამდე შეადგინა.
საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ,,არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშემწყობი პროექტი“ აქტიურად ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, ხილის გადამამუშავებელი კომპანიები, რომლებიც მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ. არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 0.10 ლარად შეისყიდიან, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 0.08 ლარის ოდენობის სუბსიდიას გასცემს. არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროექტის ბიუჯეტი 3 000 000 ლარს შეადგენს. აღნიშნული პროექტის განხორციელება საქართველოში მეხილეობის დარგის განვითარებას შეუწყობს ხელს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები