მამუკა მდინარაძე – კაია კალასის განცხადებაზე: ეს არის უხეში ჩარევა ქვეყნის შიდა საქმეებში, ამ ქვეყნის წინააღმდეგ წასვლა და ყველაზე ანტიქართული განცხადება, რაც კი შეიძლება, დღეს პოლიტიკოსმა გააკეთოს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პარტიის აღმასრულებელმა მდივანი, მამუკა მდინარაძე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას გამოეხმაურა.

მდინარაძის შეფასებით, ეს არის სუვერენული ქვეყნის შიდა საქმეებში უხეში ჩარევა და ანტიქართული განცხადება.

„ეს არათუ ქვეყნის საქმეებში ჩარევაა, ესაა უხეში ჩარევა სუვერენული ქვეყნის შიდა საქმეებში, ინტერესებში, ამ ქვეყნის წინააღმდეგ წასვლა და ყველაზე ანტიქართული განცხადება, რაც კი შეიძლება, დღეს, თანამედროვე სამყაროში პოლიტიკოსმა გააკეთოს. კონკრეტულ ქვეყანას არ დავასახელებ, თუმცა მაშინ, როდესაც ასეულობით ადამიანი კვდება სხვაგან, ამაზე საერთოდ რეაქცია არ გაქვს და ხშირად გავიმეორებ, ლაშა ტალახაძეს აგრესიის გამო ასანქცირებ, შეშფოთებული ხარ იმით, რაც არათუ შემაშფოთებელია, არამედ სწორი საქციელია დანაშაულის პრევენციისთვის, ეს მინიმუმ ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს, რაც ძალიან სამწუხაროა. ევრობიუროკრატია ბოლო დროს ძალიან მიეჩვია ორმაგი სტანდარტებიდან გამომდინარე განცხადებების კეთებას. ჩვენ ნამდვილად ამაყები ვართ იმით, რომ ამან ვერ წაგვაქცია, ამით ვერ მოგვერივნენ. იმედია, ჩვენი საოცნებო ევროპა და ევროკავშირი ისეთ სახეს დაიბრუნებს, ევრობიუროკრატები ამ იმიჯის შელახვას ვერ შეძლებენ და როდესაც ჩვენ ობიექტურად დავიმსახურებთ, რომ ვიყოთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები, ევრობიუროკრატებიც ადეკვატურები იქნებიან და ეს ადეკვატურობა მნიშვნელოვანია სიმართლესთან მიმართებით. როდესაც თეთრზე შავს გეუბნებიან, არავინ და არაფერი აზიანებს მათ შორის ჩვენს ქვეყანაში წარმოდგენებს, ვიდრე ეს ევრობიუროკრატია, რომელიც ძალიან ცუდად იქცევა, ამიტომ ვმიჯნავთ ჩვენ ევროპას, ევროპულ ღირებულებებს და ევროპელ ბიუროკრატებს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში მავნებლურადაც კი იქცევიან, იმდენად არაადეკვატურები და არასამართლიანები არიან“, – აღნიშნა მდინარაძემ.

ცნობისთვის, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა: „ძალიან შეშფოთებულები ვართ საქართველოში ადამიანების დაკავებების გამო. ვახორციელებთ ზეწოლას იმ ადამიანებზე, ვინც ჩადის ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები