პოლონეთში, ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარზე, მარკეტინგულ კამპანიას „People PR” წარუძღვება
მარკეტინგულ კომპანიასთან „People PR” თანამშრომლობის მიზანი პოლონეთის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობისა და საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალური გაზრდის ხელშეწყობაა.
ღვინის ეროვნული სააგენტო „People PR-თან“ 2022 წლიდან თანამშრომლობს. აღნიშნულ პერიოდში პოლონეთის ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტის სტაბილური ზრდა ფიქსირდება. „People PR” 2009 წლიდან ოპერირებს და, პოლონეთის ღვინის ბაზრის ტენდენციებზე დაყრდნობით, მასშტაბური პიარკამპანიების განხორციელების დიდი გამოცდილება აქვს.
აღსანიშნავია, რომ პოლონეთი ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, რომელმაც ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში სტაბილურად დაიმკვიდრა ადგილი. 2024 წელს, პოლონეთში ქართული ღვინის ექსპორტმა 6,7 მლნ ლიტრი შეადგინა, ზრდამ, 2023 წელთან შედარებით, 12%-ს მიაღწია. საექსპორტო 76 ქვეყნის სიაში, პოლონეთმა გასულ წელს მე-2 ადგილი დაიკავა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური უზრუნველყოფით, 2025 წელს, ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარები პოლონეთში ღვინის პროფესიონალების, ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებისა და მომხმარებლებისთვის გაიმართება; განხორციელდება მიზნობრივი სარეკლამო და მედია კამპანიები; ქართულ ღვინოსთან ერთად, წარმოჩენილი იქნება ქართული ღვინის კულტურა, ისტორია, ვაზის ჯიშების მრავალფეროვნება, ქართული სამზარეულო და კულინარია, მოეწყობა პოლონელი ღვინის პროფესიონალების ტურები საქართველოში.
პოლონეთთან ერთად, ქართული ღვინის სტრატეგიულ საექსპორტო ბაზრებს აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ჩინეთი, სამხრეთ კორეა და იაპონია წარმოადგენს.