მიხეილ ყაველაშვილი ვაზიანში თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეით და მე-5 საარტილერიო ბრიგადებს შეხვდა
„საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ვაზიანში საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეით და მე-5 საარტილერიო ბრიგადებს ესტუმრა“ – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პრეზიდენტი სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა და მათ საცხოვრებელ პირობებსა და ბაზაზე არსებულ ვითარებას გაეცნო.
„უმაღლეს მთავარსარდალს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და თავდაცვის ძალების სხვა ხელმძღვანელმა პირებმა უმასპინძლეს.
მიხეილ ყაველაშვილმა დეტალური ინფორმაცია მიიღო ვაზიანის სამხედრო ბაზაზე განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ. პრეზიდენტს აღმოსავლეთის სარდლობის სტრუქტურის, ამოცანებისა და მიზნების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს.
მიხეილ ყაველაშვილმა ვაზიანის სამხედრო ნაწილის ინფრასტრუქტურა – ყაზარმები, ლაზარეთი, სიმულაციების ცენტრი და სპორტული დარბაზი დაათვალიერა,”- ნათქვამია ინფორმაციაში.