ისრაელში, თელ-ავივის რეგიონში მდებარე ქალაქებში ბათ-იამსა და ჰოლონში, ავტობუსის სადგომზე 3 ცარიელი ავტობუსი ერთმანეთის მიყოლებით აფეთქდა,- ამის შესახებ Times of Israel-ი წერს.
სამართალდამცავი ორგანოების შეფასებით, ეს „სავარაუდო ტერორისტულ აქტს“ წარმოადგენს. მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
მედიის ცნობით, პოლიციამ ჰოლონში ავტობუსებში ორი აუფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინა, ხოლო თითოეულ მოწყობილობაში 5 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება იყო.
პრემიერ-მინისტრის ოფისმა განაცხადა, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუ სიტუაციის შესახებ ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში იღებდა და სიტუაციის შესაფასებლად გვიან ღამით შეხვედრაც გაიმართა, რის შემდეგაც ნეთანიაჰუმ ისრაელის თავდაცვის ძალებს დასავლეთ სანაპიროზე ტერორისტული კერების წინააღმდეგ მასიური ოპერაციის დაწყება, პოლიციას კი პრევენციული აქტივობების გაზრდა დაავალა.
ტრანსპორტის მინისტრმა მირი რეგევმა მაროკოში ვიზიტი შეწყვიტა და გასცა ბრძანება, შეწყდეს მომსახურება და ჩატარდეს ყველა ავტობუსის, მატარებლისა და რკინიგზის ჩხრეკა.