ფუნდამენტური ნარატივი, რაზეც „ქართული ოცნება“ დგას და რატომაც მას ამდენი ხალხი უჭერს მხარს, სწორია, – ამის შესახებ ბიზნესმენმა, „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ გადაცემაში „თავისუფალი ბაზარი“ განაცხადა.
მისი თქმით, ის ბევრ საკითხში ეთანხმება მმართველი გუნდის ნარატივს.
„მე პოლიტიკოსი არ ვარ და ამიტომ იმის და მიუხედავად, რომ მე რაღაც აზრები მაქვს, ასე დეტალურად ბევრი რაღაც შეიძლება არ ვიცოდე, რაზეც თქვენ [„გირჩი“] ლაპარაკობთ, მაგრამ სანდრომ [რაქვიაშვილმა] თქვა ასეთი რაღაც, დაახლოებით პერიფრაზს გავაკეთებ – „იმედი“ რატომ უჭერს მხარს „ოცნების“ ცრუ ნარატივს. მე არ მიმაჩნია, რომ „ოცნებას“ ცრუ ნარატივი აქვს. „ოცნებამ“ შეიძლება ათასი სიგიჟე თქვას, მაგრამ ფუნდამენტური ნარატივი, ნუ, ჩამოვყალიბდეთ რა არის „ოცნების“ ნარატივი, არ მიმაჩნია რომ მცდარია. მე ბევრ რაღაცაში ვეთანხმები მაგ ნარატივს. ამიტომ, როცა მეუბნებით „ოცნებას“ აქვს ცრუ ნარატივი, უნდა მითხრა რა ნარატივზეა ლაპარაკი. შეიძლება რაღაც ნარატივი ცრუ ჰქონდეს რატომღაც, მაგრამ ფუნდამენტური, რაზეც მე მგონი „ოცნება“ დგას და რატომაც მას ამდენი ხალხი უჭერს მხარს, სწორია. იმისდა მიუხედავად, რომ უამრავი ალტერნატიული აზრი და არხი არსებობს ამ აზრის გამოსახატავად, მაინც დიდი რაოდენობა ჩვენი ქვეყნის, როგორც არ უნდა შეხედო, მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“ და იმიტომ უჭერს, რომ ჩემნაირ ხალხს არ მიაჩნია, რომ ეს არის ცრუ ნარატივი და ესეც მნიშვნელოვანია.
ჩვენ შეიძლება ვერ დავეთანხმოთ ერთმანეთს და მათემატიკურად ვერ დავუმტკიცოთ ერთმანეთს, რომ ოცნების ნარატივი ცრუა თუ არა. მოდი დავიწყოთ რა არის „ოცნების“ ცრუ ნარატივი. სანდრო როცა ამბობს, „ოცნება“ დგას ცრუ ნარატივზე, რა ნარატივს გულისხმობს? მერე მე შევეცდები ან დაგეთანხმო და ვთქვა, რომ ჰო, მე ეგ არ ვიცოდი ან გითხრა, რომ მე მგონია, რომ ეს არ არის ცრუ ნარატივი და ამიტომ მე ჩემ სინდისთან სუფთა ვარ, რომ ცრუ ნარატივს არ ვუჭერ მხარს“,- განაცხადა რუხაძემ.