ვანო ბურდული: ინწრას სათავეში მეწყერი ჩამოწვა – სიტუაცია კონტროლირებადია

ინწრას სათავეში მეწყერი ჩამოწვა, – ამის შესახებ ინფორმაციას წალენჯიხის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ვანო ბურდული ავრცელებს.

მისივე თქმით, სიტუაცია სრულად კონტროლირებადია და ამ ეტაპზე, ჩახერგვის და დაგუბების საშიშროება არ არსებობს.

„დაახლოებით 17:00 საათისთვის ჩქვალერის მოსახლეობას შეუწყდა წყლის მიწოდება, ჩვენი, შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები, მყისიერად ავიდნენ ინწრას ხეობის სათავესთან, ადგილზე, სადაც სასმელი წყლით მარაგდებოდა წალენჯიხის სოფლები: ჩქვალერი, საჩინო, ზედასაჩინო და ეწერი.

აღმოჩნდა, რომ მილების დაერთების სათავე მთლიანად მოშლილია სტიქიის მიერ და წაღებული. დაახლოებით 70 მეტრი მილები ჩამოტანილია ხეობაში.

მიღებული ინფორმაციის შესწავლის, შეფასების, გადამოწმების შემდეგ, შემიძლია ვთქვა, რომ ამ ეტაპზე ჩახერგვის და დაგუბების საშიშროება არ არსებობს.

წყალი ჩვეულებრივად მოედინება და როგორც კი მოგვეცემა საშუალება და ამინდი შეგვიწყობს ხელს, აღვადგენთ წყლის მიწოდებას.

კიდევ ერთხელ მინდა მოსახლეობა დავამშვიდო, – ამ ეტაპზე დაგუბების და ჩახერგვის საფრთხე არ არსებობს. სიტუაცია სრულად კონტროლირებადია.

მერია გააგრძელებს ინტენსიურ დაკვირვებას აღნიშნულ ტერიტორიაზე და როგორც უკვე ვთქვი, როგორც კი ამინდი შეგვიწყობს ხელს, დაიწყება წყლის მიწოდების აღდგენის სამუშაოები“, – განაცხადა ვანო ბურდულმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები