“ბოლო რამდენიმე დღეა, საქართველოში მოქმედმა უცხო ქვეყნის ჯაშუშურმა ქსელმა, რომელსაც ჩვენ რადიკალურ ოპოზიციას ვუწოდებთ, ტყუილებზე აგებული აჟიოტაჟი მოაწყო ეგრეთ წოდებული „ოფშორების კანონის“ ირგვლივ. გარე დავალების შესაბამისად, თითქმის ყველა ადგილობრივმა მარიონეტმა ათასგვარი სიცრუე გაავრცელა, თითქოს ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნული კანონით სარგებლობით საქართველოს ბიუჯეტს თანხა დააკლო, თითქოს ამ კანონის მოქმედებით ხდება სანქციებისგან თავის არიდება, საუბარი იყო ოფშორული ზონებიდან კაპიტალის გადამალვის შესახებ და ასე შემდეგ,” – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე, მიხეილ დუნდუა სოციალურ ქსელში წერს.
როგორც მან აღნიშნა, „ოფშორების კანონით“ ბიზნესმენებს სახელმწიფომ მისცა სტიმული, წაახალისა ისინი, რომ თავიანთი კაპიტალი შემოიტანონ საქართველოში, აქ განახორციელონ ბიზნესს აქტივობა, რაც ერთმნიშვნელოვნად ქვეყნის ეკონომიკის ზრდისთვის არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი.
„ათასგვარი სიცრუის კორიანტელში, შესაძლოა, საკითხში ნაკლებად ჩახედულ ადამიანს სიმართლის გარკვევა გაუჭირდეს, ამიტომ მარტივი ანალიზით გასაგები გახდება, რას ემსახურება „ოფშორების კანონი“, რეალურად რა სარგებელს მიიღებს ქვეყანა ამ კანონის მოქმედების შედეგად, რას წარმოადგენს ოფშორული ზონა და ბოლოს, აქვს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, ან საქართველოს ნებისმიერ სხვა მოქალაქეს ისარგებლოს საკუთარი სახელმწიფოს დაცვის გარანტიით და ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობით.
პირველ რიგში „ოფშორების კანონი“ გავარჩიოთ. კანონი, რომელიც მიიღო საქართველოს პარლამენტმა მარტივ რამეს ამბობს – თუ საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე გადაწყვეტს, რომ მის მიერ, ოფშორებში არსებული კაპიტალი შემოიტანოს საკუთარ ქვეყანაში, მას მიეცემა გარკვეული, ერთჯერადი შეღავათები. ამ ამბავში მთავარი არის ის გარემოება, რომ ბიზნესმენებს სახელმწიფომ მისცა სტიმული, წაახალისა ისინი, რომ თავიანთი კაპიტალი შემოიტანონ საქართველოში, აქ განახორციელონ ბიზნესს აქტივობა, რაც ერთმნიშვნელოვნად ქვეყნის ეკონომიკის ზრდისთვის არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი. მათემატიკურად რომ დავთვალოთ, ის ერთჯერადი შეღავათი, რომელსაც კანონი უწესებს მოქალაქეს ოფშორებიდან საქართველოში კაპიტალის გადმოტანის შემთხვევაში, რაც პრინციპში არათუ შეღავათად, არამედ სტიმულად, წახალისებად უნდა განვიხილოთ – საერთოდ არაფერია იმასთან შედარებით, რა სარგებელსაც მიიღებს ქვეყნის ეკონომიკა მომდევნო წლების განმავლობაში“, – წერს მიხეილ დუნდუა.
მისივე თქმით, საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაცია „მანივალის“ დასკვნით „ოფშორების კანონი“ სრულად არის შესაბამისობაში საერთაშორისო სამართალთან, ამიტომ, კანონის ავკარგიანობაზე მხოლოდ ან უვიცი, ან მიზანმიმართული მავნებელი თუ ილაპარაკებს.
„ამ მარტივი ანალიზის მიღმა, კანონის შესახებ არსებობს საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაცია „მანივალის“ დასკვნა. ევროპის საბჭოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტმა ძირფესვიანად შეისწავლა „ოფშორების კანონი“ და საქართველოში გამოაგზავნა წერილი, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ კანონი სრულად არის შესაბამისობაში საერთაშორისო სამართალთან და მათ არანაირი შენიშვნა ან განსხვავებული მოსაზრება არ გააჩნიათ. გამოდის, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი თანხვედრაშია როგორც საერთაშორისო სტანდარტებთან, ასევე ის სტიმულს აძლევს ბიზნესს, რომ ქვეყანაში დამატებითი კაპიტალი შემოვიდეს და ეკონომიკის განვითარებას დაეხმაროს. კიდევ უფრო მარტივად რომ ვთქვათ – რომ არ ამოქმედებულიყო კანონი და კონკრეტული X კაპიტალი ქვეყნის გარეთ დარჩენილიყო, ამით ქვეყანას რამე მოემატებოდა? ცხადია არაფერი. ამიტომ, კანონის ავკარგიანობაზე მხოლოდ ან უვიცი, ან მიზანმიმართული მავნებელი თუ ილაპარაკებს“, – წერს მიხეილ დუნდუა.