„ვივამედის“ დირექტორი – მზია ამაღლობელზე: პაციენტი ადეკვატური და კონტაქტურია
“წონის კლება არის, კონკრეტულ ციფრს ვერ დაგისახელებთ. დამოუკიდებლად გადაადგილდება, პაციენტი ადეკვატურია და კონტაქტური”,- ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განაცხადა.
რაც შეეხება კითხვას, რამდენად რეკომენდებულია მზია ამაღლობელის მიერ კლინიკის დატოვება, ზურაბ ჩხაიძე ამბობს, რომ ეს მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული.
„როგორც მოგეხსენებათ, ქალბატონი მზია ამაღლობელი შემოვიდა ჩვენს კლინიკაში გუშინ, საღამოს 17:00 საათზე, გეგმურად. მას შემოსვლისთანავე ჩაუტარდა წინასწარ დაგეგმილი ლაბორატორიული ინსტრუმენტული კვლევები. გარდა ამისა, დამატებითი კვლევებიც გახდა საჭირო, რაც კვლევის პროცესში გამოიკვეთა. გარდა ამისა, სხვადასხვა სპეციალობის ექიმმა კონსულტაცია ჩაუტარა და მისი დიაგნოზიდან გამომდინარე, შემდგომი გართულების პრევენციის მიზნით, დაეწყო დამხმარე თერაპიული ღონისძიებების ჩატარება, რაზეც მან თანხმობა განაცხადა. ჩვენ ამით მოხარული ვართ.
წონის კლება არის, კონკრეტულ ციფრს ვერ დაგისახელებთ. დამოუკიდებლად გადაადგილდება, პაციენტი ადეკვატურია და კონტაქტური.
მონიტორინგის პროცესი გრძელდება. ახლაც კონსულტირდება სხვადასხვა სპეციალისტის მიერ. დღის განმავლობაში კიდევ ვნახავთ, ხვალ შევაფასებთ მის მდგომარეობას და მისი შემდგომი მკურნალობა გადაწყდება“, – განაცხადა ჩხაიძემ.
ცნობისთვის, მზია ამაღლობელი კლინიკა „ვივამედში“ სამედიცინო კვლევების ჩატარების მიზნით გუშინ გადაიყვანეს.