დედაქალაქში საყოფაცხოვრებო ნარჩენების ალტერნატიული პოლიგონისთვის ტერიტორიის შერჩევა გრძელდება
საყოფაცხოვრებო ნარჩენების ალტერნატიული პოლიგონის მოწყობისთვის კვლევების პირველი ეტაპი დასრულდა, – განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
მისი თქმით, ამ ეტაპზე, პოლიგონის მოსაწყობად თბილისის შემოგარენში უკვე შერჩეულია რამდენიმე ლოკაცია და მათი დეტალური შესწავლა მიმდინარეობს.
„დედაქალაქის საყოფაცხოვრებო ნარჩენების ალტერნატიული პოლიგონისთვის ტერიტორიის მოძიება გრძელდება. იცით, რომ არსებული პოლიგონი დიდ პრობლემას წარმოადგენს, პირველ რიგში, მიმდებარედ მცხოვრები ადამიანებისთვის – არის საკმაოდ მძიმე ვითარება, გაუსაძლისი სუნი. სადაც მოსახლეობა ცხოვრობს და დაშორება მცირეა, პოლიგონის არსებობა დიდ პრობლემას წარმოადგენს. ადგილობრივებს შექმნილი აქვთ საინიციატივო ჯგუფი, ჩვენ მათთან არაერთი შეხვედრა გვქონდა. ჯერ კიდევ გასულ წელს დავპირდით, რომ ამ საკითხზე მუშაობას დავიწყებდით. ყველა საერთაშორისო სტანდარტს ვიცავთ. დავიწყეთ შესაბამისი კვლევები. შერჩეულია უკვე რამდენიმე ლოკაცია თბილისის შემოგარენში, 50 კმ რადიუსში და დეტალურ შესწავლას ვიწყებთ, თუ სად შეიძლება აღნიშნული პროექტის განხორციელება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება არსებულ პოლიგონს და იმ პრობლემებს, რომლებიც მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას აწუხებს, დედაქალაქის მერის თქმით, დაპირებისამებრ ყველაფერი მოწესრიგდება.
„ჩვენ, ასევე, ვმუშაობთ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ერთად, მათი სპეციალისტები ჩართულნი არიან პროცესში. პირველ რიგში, ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობას გამოვასწორებთ. ნაჟური წყლები, რომელიც ერთ-ერთ არხში ჩაედინება და მოსახლეობას ძალიან აწუხებს, უნდა მოწესრიგდეს. აღნიშნულ საკითხზე გვქონდა კომუნიკაცია „თბილსერვის ჯგუფთან“. პირველ რიგში, ადგილზე ყველა პრობლემას გადავჭრით, რაც მოსახლეობას აწუხებს. სამწუხაროდ, 15 წლის წინ, როცა გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონი დიდ ლილოში მოწყობილიყო, არანაირი კვლევა არ ჩატარებულა. უბრალოდ მივიდნენ, დაიწყეს ამოთხრა და ამდენი წელია პრობლემა არსებობს, მოსახლეობას კი ეს ყოველივე ძალიან აწუხებს. ჩვენ მათ დავპირდით და ყველაფერს მოვაწესრიგებთ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.