გურამ მაჭარაშვილი: 20 ივნისთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ჩვენ გვქონდა კითხვები და პასუხები იყო არადამაკმაყოფილებელი გახარიას მხრიდან
“ისეთი ნაბიჯები იყო გადადგმული 20 ივნისს, რომელიც ნამდვილად არ შეესაბამებოდა საქართველოს ინტერესებს, “- ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„მართალია 20 ივნისთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ჩვენ გვქონდა კითხვები და პასუხები იყო არადამაკმაყოფილებელი გახარიას მხრიდან, მაგრამ ფაქტი, სამწუხაროდ რჩება ფაქტად: ისეთი ნაბიჯები იყო გადადგმული 20 ივნისს, რომელიც ნამდვილად არ შეესაბამებოდა საქართველოს ინტერესებს; მაგალითად, პოლიცია რატომ იყო ჭიშკრის გარეთ, პირდაპირ რადიკალური აქციის მონაწილეებთან და არა ჭიშკრის შიგნით, ვინ გასცა ბრძანება – დღემდე გახარია ამას არ ამბობს. თავიდან ამბობდა, მე ვიღებ ჩემ თავზე ყველაფერსო და მერე კომისიაზე უარყო, არც მე და არც ჩემ მოადგილეებს არ გაგვიცია ეს ბრძანებაო. ანუ, გამოვიდა, რომ პოლიციელებს შეაწმინდა ხელი. ასე რომ ამ კითხვებთან დაკავშირებით რა თქმა უნდა პასუხები არის საჭირო“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება დაწყებულია. სასამართლომ დაადგინა, რომ საჭიროა გამოძიებამ სისტემურად გააანალიზოს საკითხი და შეისწავლოს რამდენად სწორად მოხდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშინდელი ხელმძღვანელობის მხრიდან ოპერაციის დაგეგმვა.