“ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან დაკავშირებით ჩვენი დელეგაციის გადაწყვეტილება ყველაზე სწორი და მართალია, ქართველი თავმოყვარეობას არავის არ შეალახინებს” – კირცხალია
“ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან დაკავშირებით ჩვენი დელეგაციის გადაწყვეტილება ყველაზე სწორი და მართალია, ქართველი თავმოყვარეობას არავის არ შეალახინებს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, ირაკლი კირცხალია აცხადებს.
მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ყველანაირი დემოკრატიული საფუძვლების შეურაცხყოფა და უპატივცემულობაა.
“საოცარ მოვლენასთან გვაქვს საქმე. ერთი ხელით აღიარებენ იმ ყბადაღებულ თემას, რომელიც ჩვენს აგენტურულ ქსელს მუდამ დღის წესრიგში აქვს ლეგიტიმურობა-არალეგიტიმურობის თვალსაზრისით და ჩვენი ოპოზიციისთვის გარე ლეგიტიმაციაა მთავარი. ჩვენთვის კი შიგნით, ჩვენი საზოგადიებისა და ხალხის ლეგიტიმაციაა მთავარი. გავყვეთ მათ ლოგიკას – ერთი ხელით აღიარებენ ლეგიტიმაციას და არ აჩერებენ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დელეგაციის აკრედიტაციას, მეორე მხრივ, აკეთებენ დათქმებს. ისეთ დათქმებს, რომლებიც სრულიად მიუღებელი და საფუძველგამოცლილია. პირველ რიგში, ეს ქართული საზოგადოებისთვისაა შეურაცხმყოფელი, საზოგადოების იმ უმრავლესობის, რომელმაც „ქართულ ოცნებას“ კიდევ ერთხელ მიანიჭა ქვეყნის მართვის მანდატი. ასევე არის ყველანაირი დემოკრატიული საფუძვლების შეურაცხყოფა და უპატივცემულობა.
ჩვენი დელეგაციის გადაწყვეტილება ყველაზე სწორი, ყველაზე მართალი, ყველაზე ამაყი და ყველაზე თავმოყვარე გადაწყვეტილებაა. მინდა, ვუთხრა ჩვენს მეგობრებს და იმ დიპლომატიურ მისიებს, რომლებიც საქართველოში მოღვაწეობენ, რომ საქართველო თავმოყვარე ერია. ქართველები თავმოყვარე ხალხია და თავმოყვარეობაზე ქართველი უარს არასდროს არ იტყვის. ქართველი თავმოყვარეობას არავის არ შეალახინებს“, – განაცხადა კირცხალიამ.