საქსტატი – 2024 წლის მეოთხე კვარტალში საერთაშორისო მოგზაურებმა საქართველოში 3 მილიარდ ლარამდე დახარჯეს

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1.6 მილიონი შემოსვლა, რაც 4.5 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 46.5 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ. აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 1.4 მილიონი შეადგინა, რაც 5.1 პროცენტით მეტია 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

საქსტატის ცნობით, 2024 წლის მეოთხე კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 1.2 მილიონს მიაღწია, რაც 6.1 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. საანგარიშო პერიოდში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 1.1 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 8.4 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
უწყების ანგარიშით, საერთაშორისო ვიზიტორების 77.7 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 18.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 4.1 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი. ამასთან, 2024 წლის მეოთხე კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 263.8 ათასი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 22.7 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა თურქეთი 17.5%-იანი წილით, ხოლო მესამეზე – სომხეთი 12.8%-იანი წილით. შესაბამისად, ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა რუსეთის ფედერაციის – 310.9 ათასი ვიზიტი, თურქეთისა – 276.5 ათასი და სომხეთის – 216.0 ათასი მოქალაქეების მიერ.

ვიზიტორების უმრავლესობა, 47.5 პროცენტი, მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას, ქალების რაოდენობა კი მთლიანი ვიზიტორების რაოდენობის 38.8 პროცენტს შეადგენდა. 2024 წლის მეოთხე კვარტალში ვიზიტების ყველაზე დიდი ნაწილი, 43.6 პროცენტი, განხორციელდა
დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით. ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარის ა/რ-ში, შესაბამისად, 803.3 ათასი და 426.3 ათასი ვიზიტი.

საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის მეოთხე კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 5.05 ღამე შეადგინა, რაც 2023 წლის მეოთხე კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (4.95 ღამე) 1.9 პროცენტით მეტია. განხორციელებული ვიზიტების 79.4 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.

ამასთან, 2024 წლის მეოთხე კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 2.9 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 8.3 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2023 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით 3.0 პროცენტით გაიზარდა და 2 088.0 ლარი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები