2025 წლის მარტში, ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.9%-ით გაიზარდა და 291.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, – ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
„სებ-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკით, ირკვევა რომ ფულადი გზავნილების ზრდა მეტწილად აშშ-დან და ევროკავშირიდან ფულადი გზავნილების მატებამ განაპირობა. კერძოდ, ევროკავშირის ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 131.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 12.3%-ით აღემატება 2024 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელს.
გზავნილების მაქსიმალური წილი კვლავ ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის და 45.1%-ს შეადგენს. ევროკავშირის ქვეყნებიდან კვლავ აღსანიშნავია იტალიის, გერმანიის და საბერძნეთის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში.
ამასთანავე, ზრდის ტენდენცია გრძელდება აშშ-დან გადმორიცხვების ნაწილშიც. კერძოდ, მარტში აშშ-დან გზავნილები წლიურად 21.7%-ით გაიზარდა და 55 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
რაც შეეხება რუსეთიდან ფულად გზავნილებს, კლების ტენდენცია გრძელდება. წლიურად 29.1%-ით შემცირდა და 37.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
ცნობისთვის, 2025 წლის მარტში საქართველოდან საზღვარგარეთ 32.1 მლნ აშშ დოლარი (89.2 მლნ ლარი) გადაიგზავნა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.