კახა კალაძე: რეორგანიზაცია გვაქვს დაწყებული და კიდევ ბევრი ადამიანი გათავისუფლდება, ვინც თავის უფლება-მოვალეობას ვერ ასრულებს, პოლიტიკური შეხედულებების გამო არავის არ ვუშვებთ
როდესაც შენს თანამშრომელს ხელშეკრულების ვადა ეწურება, იღებ გადაწყვეტილებას, გჭირდება თუ არა, ან ასრულებს თუ არა სამსახურებრივ მოვალეობას შესაბამის დონეზე, – განაცხადა დედაქალაქის მერმა მედიასთან. მან ისაუბრა თბილისის მერიიდან გათავისუფლებული თანამშრომლების საკითხზე.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, სისულელეა იმაზე საუბარი, რომ თანამშრომლები სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაუშვეს, რადგან მერიაში ამჟამადაც მუშაობენ ადამიანები, რომლებსაც განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება აქვთ.
„ჩვეულებრივი სისულელეა, რომ თანამშრომლებს პოლიტიკური ნიშნით ვუშვებთ. ჩვენ დედაქალაქის მერიაში რეორგანიზაცია გვაქვს დაწყებული და კიდევ ბევრი ადამიანი გათავისუფლდება, ვინც გასათავისუფლებელია და თავის უფლება-მოვალეობას ვერ ასრულებს. ასევე, ზოგიერთ თანამშრომელს დაუმთავრდა ხელშეკრულება. ხელმძღვანელმა პირებმა მიიღეს გადაწყვეტილება – როდესაც შენს თანამშრომელს ხელშეკრულების ვადა ეწურება, შენ იღებ გადაწყვეტილებას, გჭირდება თუ არა, ან ასრულებს თუ არა სამსახურებრივ მოვალეობას შესაბამის დონეზე, რომელიც შენ და შენს სამსახურს აკმაყოფილებს.
ბევრი მაგალითი შემიძლია მოგიყვანოთ იმ ადამიანების, რომლებსაც ჰქონდათ და ახლაც აქვთ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება, ასევე, ხელი მოაწერეს პეტიციას, თუმცა, ისინი ჩვეულებრივ აგრძელებენ თბილისის მერიაში მუშაობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.