ჯანსუღ კორძაიას ქუჩაზე, უსაფრთხოების მიზნით, გრუნტის დამჭერი კედლის მშენებლობა ხორციელდება
ვაკის რაიონში, ჯანსუღ კორძაიას ქუჩაზე, უსაფრთხოების მიზნით, გრუნტის დამჭერი რკინაბეტონის კედლის მშენებლობა მიმდინარეობს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული ფერდის მდგომარეობიდან გამომდინარე, გზის სავალ ნაწილზე, საპრევენციო ღონისძიებების გატარება გახდა საჭირო.
მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე, საკრებულოს თავმჯდომარე, ვაკის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი ტყემალაძესთან ერთად გაეცნო.
„ბაგების დასახლებაში, კორძაიას ქუჩაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება – ეწყობა გრუნტის დამჭერი კედელი. გზის აღნიშნული მონაკვეთი მეწყრული იყო და პრობლემას წარმოადგენდა, პირველ რიგში, გადაადგილების თვალსაზრისით, ასევე, საფრთხეს უქმნიდა ადგილობრივ მოსახლეობას – გაჩენილი იყო ბზარები. პროექტით გათვალისწინებულია გზის ორზოლიანი მონაკვეთის მოწყობა, რადგან ამ ტერიტორიაზე ისეთი სივიწროვე იყო, ორი ავტომანქანა ერთმანეთს გვერდს ვერ აუვლიდა. მოეწყობა ტროტუარი და, რაც მთავარია, გადაადგილება იქნება უსაფრთხო“, – განაცხადა კახა კალაძემ.
პროექტის მიხედვით, აღნიშნულ ტერიტორიაზე გათვალისწინებულია 70 მეტრი სიგრძის რკინაბეტონის ხიმინჯოვანი საყრდენი კედლის მშენებლობა. ამ დროისთვის, ობიექტზე ხიმინჯების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტს მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს. სამუშაოებისთვის, რომელიც მარტის ბოლოს დასრულდება, 1 200 000 ლარია გათვალისწინებული.
დედაქალაქის მერთან ერთად, მიმდინარე სამუშაოები მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა გიორგი აბუთიძემ და ვაკის რაიონის გამგებელმა დავით კვინიკაძემ დაათვალიერეს.