„ქართული გენია, როკვით განფენილი…“

         მან ცხოვრების უდიდესი ნაწილი სცენაზე, ოვაციების გრიალში გაატარა. 25 წელიწადი ყველაზე სახელგანთქმული ქართული ანსამბლის წამყვანი სოლისტი იყო. მან სხვებთან ერთად შექმნა ეპოქა და იქცა ლეგენდად, რომელსაც ყველაზე კარგად სახელი გრიგოლ რობაქიძემ უპოვა -„ ქართული გენია, როკვით განფენილი…“ ომარ ლომსაძე, დამსახურებული არტისტი და აკადემიკოსი, 73 წლის ასაკშიც, კვლავაც საყვარელ საქმეს ემსახურება – ახალ თაობას ქართულ ცეკვას ასწავლის…

– როდის და როგორ დაიწყო ყველაფერი?
– როგორ დაიწყო და… მაშინ 14 წლის ვიყავი, ბორჯომის პირველ საშუალო სკოლაში ვსწავლობდი. ერთხელ კულტურის სასახლიდან ცნობილი ქორეოგრაფი გრიგოლ ჩივაძე გვესტუმრა, რომელსაც საუცხოო ანსამბლი ჰყავდა ყოველთვის. მან აგვირჩია რამდენიმე ბიჭი და კულტურის სასახლეში ქართული ხალხური ცეკვის წრეზე ჩაგვრიცხა. ძალიან გამიხარდა, რადგან ქართული ცეკვების შესწავლის და სცენაზე ცეკვის დიდი სურვილი მქონდა… ბორჯომში ცეკვით დაწყებული საქმე თბილისში გავაგრძელე. წარმატებით დავამთავრე თბილისის კულტსაგანმანათლებლო სასწავლებელი, ქორეოგრაფიის ფაკულტეტი, სადაც ცნობილი პედაგოგი, ქორეოგრაფი კონსტანტინე მანჯგალაძე მამეცადინებდა.10699156_10203110155501008_1065721326_n
1962 წელს მიმიწვიეს თბილისის ტრამვაი-ტროლეიბუსების სამართველოს სახალხო ანსამბლში, რომელსაც საქართველოს დამსახურებული არტისტი ბუხუტი დარახველიძე ხელმძღვანელობდა.
ამავე დროს, ჰელსინკში ჩატარებულ მსოფლიო ახალგაზრდობის მერვე ფესტივალის ლაურეატი გავხდი. ანსამბლიდან, სადაც 100 კაცამდე გახლდით, 12 ბიჭი და 2 გოგო გამოგვარჩიეს, რომლებმაც ოქროს მედალი მოვუპოვეთ ანსამბლს.
1963 წლიდან საქართველოს ხალხური ცეკვის აკადემიური ანსამბლის შემადგენლობაში  მსახიობ- მოცეკვავედ ჩავირიცხე… ანსამბლში 25 წელი ვიცეკვე, ვიყავი ანსამბლის წამყვანი სოლისტი. მინიჭებული მაქვს საქართველოს რესპუბლიკის დამსახურებული არტისტის წოდება.
– გაიხსენეთ, პირველი გამოსვლა სცენაზე და ემოციები, რომლებიც განიცადეთ…
– ჩემი დებიუტი ბორჯომის კულტურის სასახლის სცენაზე შედგა. მანამდე ვერ წარმომედგინა, რა გრძნობაა, როცა სცენაზე გამოხვალ და დარბაზიდან ყველა შენ გიყურებს, პროჟექტორები დამაბრმავებლად განათებენ, ვერაფერს ხედავ, რჩები მარტო შენს თავთან – ეს პირველი აფექტია… რამდენიმე წამის შემდეგ ყველაფერი ლაგდება, მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ მაშინ მშვიდდები, როცა მაყურებელი ცეკვის შემდეგ ტაშით გაჯილდოვებს…
– გაიხსენეთ კონცერტი, რომელიც ყველაზე ნათლად დაგამახსოვრდათ, თქვენი ყველაზე დიდი ტრიუმფი…10719111_10203110155621011_374680759_n
– წარმატებული კონცერტი, რა თქმა უნდა, უამრავი ყოფილა, მაგრამ ყველაზე ნათლად მაინც იტალიაში, ლა-სკალაში გამოსვლა მახსენდება, ეს ნამდვილი ტრიუმფი იყო… ასევე ყველასათვის შთამბეჭდავი და დაუვიწყარი იყო კონცერტი ესპანეთში, მადრიდის თეატრში, როცა გამოგვიცხადეს, რომ კონცერტს საქართველოს კანონიერი ტახტის მემკვიდრე ირაკლი ბაგრატიონი დაესწრებოდა ოჯახით. მას ამ თეატრში თავისი ლოჯა ჰქონდა. ბატონმა ილიკო სუხიშვილმა და ნინო რამიშვილმა სცენაზე გასვლის წინ ისეთი სიტყვებით მოგვმართეს, რომ მთელი საქართველოს ისტორია დაგვიდგა თვალწინ. ამის შემდეგ, წარმოიდგინეთ, როგორ ვიცეკვებდით… მე ერთ-ერთი ნომერი მქონდა ცეკვა “ყაზბეგურში”, რომელსაც სამი მოცეკვავე ვასრულებდით – მე, რომან ბირთველიშვილი და ჯუმბერ ბერაძე. სამივემ მოვილაპარაკეთ, რომ მეფის ლოჟასთან ახლოს გვეცეკვა. მისი ლოჟა სცენიდან მარჯვენა მხარეს იყო. ისეთი თავდავიწყებით ვცეკვავდი, როგორც არასდროს… ერთ მომენტში ჩემი სოლოს დროს ვიჩოქებდი, ჯერ მარჯვენა ხელს, შემდეგ მარცხენას ვარტყამდი სცენას (ამ ცეკვისთვის დამახასიათებელი მოძრაობებია).ეშხში შესულს ისე ძლიერად მომსვლია ხელების დარტყმა იატაკზე, რომ სამი თითი გამისკდა. იმ წუთას ეს ვერ ვიგრძენი და ცეკვა რომ დავამთავრეთ, ვიღაცამ მითხრა, სისხლიანი გაქვს ხელიო. აპლოდისმენტები არ ცხრებოდა, ცეკვა სამჯერ გაგავამეორებინეს. ირაკლი ბატონიშვილი სცენაზე ამოვიდა, ყველას სათითაოდ ჩამოგვართვა ხელი და სახლში მიგვიწვია. მასთან სტუმრობის უფლება კი მოგვცა რუსეთის საელჩომ, მაგრამ ფოტოების გადაღების – სამწუხაროდ, არა…
არასდროს დამავიწყდება ინგლისის დედოფალ ელისაბედის კარზე გამართული საქველმოქმედო კონცერტიც, რომელშიც მსოფლიოს კლასის შემსრულებლები მონაწილეობდნენ. ბილეთი 1000 ფუნტი ღირდა და პროგრამით არც ერთი ნომრის გამეორება არ იყო გათვალისწინებული, მაგრამ ჩვენ სცენიდან არ გაგვიშვეს… მთელი მსოფლიო უყურებდა ამას, მთელი მსოფლიო იყო მოწმე ქართული ცეკვის ტრიუმფის… იქაც, დედოფალმა მადლობის ნიშნად ყველას სათითაოდ ჩამოგვართვა ხელი…
სასიამოვნო მოგონებები ძალიან ბევრია, საინტერესოა განვლილი გზის გახსენება…
– ორი სიტყვით, გაიხსენეთ ლენდარული ილიკო სუხიშვილი და ნინო რამიშვილი როგორი ადამიანები იყვნენ ყოველდღიურ ცხოვრებაში, რეპეტიციებზე…
– ილიკო სუხიშვილი და ნინო რამიშვილი, მართლაც, ლეგენდარული ადამიანები იყვნენ, საოცრად ენერგიულები და დაუღალავები… ჭირსა თუ ლხინში გვერდით გვედგნენ, ზრუნვას არ აკლებდნენ თითოეულ ჩვენგანს, ისინი მუდამ გვაგრძნობინებდნენ, რომ ყველანი ერთი დიდი ოჯახის წევრები ვიყავით… რეპეტიციაზე და კონცერტებზე ძალიან მკაცრები და მომთხოვნები იყვნენ, დისციპლინა უმაღლეს დონეზე იყო – სხვაგვარად ანსაბლი ასეთი ვერ იქნებოდა…
– რით განსხვავდება ის ტრადიციული ცეკვები, რომელსაც დღეს ცეკვავენ, მაშინდელისგან და ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას, რომ ტრადიციულ ცეკვებში არატრადიციული, ახალი ელემენტები უნდა შევიდეს, რომ არ დაძველდეს და განვითარდეს?10721004_10203110155421006_21988039_n
– ის ტრადიციულ ცეკვები, რომელსაც დღეს ცეკვავენ, იმით განსხვავდება მაშინდელისაგან, რომ გაჯერებულია არატრადიციული, თანამედროვე ელემენტებით, რასაც პირადად მე არ ვეთანხმები. ჩემი აზრით, ქართული ხალხური ნიშნავს ძველს, ტრადიციულს და მისი ხელოვნურად შეცვლა ისტორიის დაკარგვას გამოიწვევს… როგორც “ვეფხისტყაოსნში” ვერ ჩაამატებთ ვერაფერს, ასევე ქართულ ცეკვაში…. ეროვნული ცეკვა არასოდეს დაძველდება, სანამ ქართველი ერი იარსებებს, მისი ყველა ელემენტი მნიშვნელოვანი და სახასიათოა, იმიტომ რომ ყველა კუთხეს აქვს თავისი ცეკვის კუთხურობის, ტრადიციების დამახასიათებელი ელემენტი, რასაც ვერ გაათანამედროვებ… ყოველ შემთხვევაში ისე, რომ მას ზიანი არ მიაყენო..
– რა მდგომარეობაა დღეს ამ სფეროში, რამდენად დიდია დაინტერესება ახალი თაობის მხრიდან და  თქვენს მოწაფეებს, პირველ რიგში, რას ასწავლით?
– ამ სფეროს მიმათ დაინტერესება ათწლეულების მანძილზე არ კლებულობს, ყველა ოჯახის სურვილია, შვილებს მისცენ ქართული ცეკვის ან სიმღერის განათლება, რაც ბავშვს პატარა ასაკიდან უყალიბებს ქართული მენტალიტეტს, ქართულ სულს…
ჩემს მოწაფეებს ყოველთვის ვასწავლიდი, როგორ უნდა იცეკვო ქართული ცეკვები მისი ხასიათიდან გამომდინარე. მოძრაობები უნდა იყოს სრულყოფილი, რომ ცეკვა მოგინდეს, ცეკვაში მთავარი ემოციაა, თავისუფლების, სილაღის შეგრძნება…
– აგრძელებენ თუ არა თქვენს ტრადიციას თქვენი შვილები, შვილიშვილები?
– ექვსი შვილიშვილიდან და შვიდი შვილთაშვილიდან, პატარების ჩათვლით, ყველა ქართული ცეკვის მოტრფიალეა, ცეკვავენ კიდეც. ჩემი ვაჟიშვილი ალექსანდრე ლომსაძე ბოლომდე ცეკვის ერთგული დარჩა. ცოტა ხნის წინ ჩამოვაყალიბეთ კულტურისა და სპორტის ცენტრი “ლომსიანთა”. ამ სახელწოდებით კიდევ ერთხელ გვინდოდა ხაზი გაგვესვა ცეკვის შთამომავლობით სიყვარულზე. ვისურვებდი, ლომსაძეებს ღირსეულად გაეგრძელებინოთ ეს დიდი საქმე…

გიორგი მიქაძე

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=Q1do7dutvhc” width=”560″ height=”315″]

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=qZOa-zWBvw4″ width=”560″ height=”315″]

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=PRG0pAD0O5E” width=”560″ height=”315″]

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=nq4S7vcHWWU” width=”560″ height=”315″]

10485104_10203110155741014_1070226786_n

10717622_10203110155581010_533301781_n

10719192_10203110155701013_1959894671_n

10720897_10203110155781015_1169105570_n

10726406_10203110155661012_1620901630_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები