“პატარა ნიშა დიდ სივრცეში”

       თეატრის მაგიურ სამყაროს მშობლებმა ბავშვობიდან აზიარეს, თუმცა მაშინ ვერ წარმოიდგენდა, რომ წლების შემდეგ თეატრი მისი მეორე სახლი გახდებოდა, სახლი, სადაც იპოვიდა საკუთარ თავსაც და ყველა იმ ფანტაზიასაც, რომელიც მის ბავშვურ წარმოსახვაში ჩაისახა… ნინო თათარაშვილი ქმნის და ოცნებობს, რომ დიდ თეატრალურ სივრცეში თავისი პატარა ნიშა იპოვოს…

– რა ასაკში დაიწყე ხატვა?
– როგორც, ალბათ, ყველა ბავშვმა, მეც ხატვა 4-5 წლის ასაკში დავიწყე. მერე ხატვაზე მიმიყვანეს, ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა გალერეაში, კონკასთან… მახსოვს, პირველად რომ შევედი შენობაში, კიბეებთან ეკიდა ჩემზე უფროსი ბავშვების ნახატები და იმხელა შთაბეჭდილება მოახდინა, რომ მერე დიდი ხანი იმ ემოციის ქვეშ ვხატავდი, ბავშვობის შთაბეჭდილებები ხომ ძალიან ძლიერია და საღებავების სუნიც კი ძალიან კარგად დამამახსოვრდა… აღარ მახსოვს სტუდიაში რამდენი ხანი ვიარე, ალბათ ერთი წელი, ამის შემდეგ ზრდასრულ ასაკამდე აღარ მივლია ხატვაზე, ჩემთვის ვხატავდი სახლში.
– როდის გადაწყვიტე, რომ მხატვარი იქნებოდი, ბავშვობაშივე თუ მოგვიანებით?
– ბავშვობაში არასდროს მიოცნებია არც კოსმონავტობაზე და არც ექიმობაზე, რატომღაც ბავშვობაში არ ვფიქრობდი არანაირ პროფესიაზე. გარშემო ბავშვები ყვებოდნენ, როგორ უნდოდათ გამხდარიყვნენ, ვთქვათ, პრეზიდენტი ან რაიმე მაგდაგვარი, მაგრამ მე ასეთი დიდი ოცნებები არ მქონდა. რა თქმა უნდა, მქონდა ოცნებები, მაგრამ უფრო ბავშვური. მიუხედავად იმისა, რომ ვხატავდი ბავშვობიდან, რატომღაც ხატვის პროფესიად ქცევა საკმაოდ გვიან გადავწყვიტე, მერვე კლასამდე ვფიქრობდი, რომ უცხო ენების სპეციალისტი  გამოვსულიყავი, მერე უცბად გადავწყვიტე, მოვმზადებულიყავი ფერწერაში და მოდელირებაზე ჩამებარებინა. ჩავაბარე კიდეც, ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში, მოდელირების ფაკულტეტზე. მერე უკვე – რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, სცენოგრაფიის ფაკულტეტზე, გოგი გუნიას სახელოსნოში.
– რა ჟანრებში გაქვს ნამუშევარი?10719306_10203101195877023_266391931_n
– მე თეატრის მხატვარი ვარ და, ბუნებრივია, ჩემი ნამუშევრებიც ამ ხასიათშია, მოდელირებასთან შეხება დამთავრების შემდეგ არ მქონია, თუმცა ეგ გამოცდილება თეატრში მუშაობისას კოსტიუმზე ძალიან მეხმარება. თავიდან თეატრალურში ვაბარებდი თეატრის კოსტიუმის ფაკულტეტზე, თუმცა ჯგუფი არ შედგა იმ წელს და, როგორც მომავალში გაირკვა, ჩემდა საბედნიეროდ, სცენოგრაფიის ფაკულტეტზე მოვხვდი… როდესაც ვაბარებდი, მაშინ კარგად არ ვიცნობდი ამ სფეროს,  ზუსტი წარმოდგენა არ მქონდა, რა იყო თეატრის მხატვრობა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მშობლები ბავშვობიდან თეატრში  ხშირად გვატარებდნენ, შორიდან მაინც ყველფერი სხვანაირად ჩანს, ანუ ის მინდა ვთქვა, რომ სიყვარულით არ მივსულვარ, მაგრამ წლების შემდეგ ვფიქრობ, რომ არა ეს პროფესია, რა შეიძლება მეკეთებინა ან რომელი პროფესია შეიძლება მყვარებოდა ასეთი სიძლიერით – არც ერთი.
– მოგვიყევი, რომელ სპაქტაკლებზე იმუშავე… გაიხსენე პირველი სპექტაკლი და ის ემოცია, რომელიც მას თან ახლდა…
– პირველი ჩემი სპექტაკლი იყო თეატრალურში, პირველივე კურსზე, არაჩვეულებრივ რეჟისორთან შალვა გაწერელიასთან, რომელიც დგამდა „ბურატინოს“. გამიმართლა, პირველ რიგში, იმაში, რომ პირველი სპექტაკლი გავაკეთე ასეთ რეჟისორთან და მეორე – იმაში, რომ პირველი შეხება თეატრთან  ზღაპრით დაიწყო და არა რაიმე ყოფითი პიესით, პლიუს იმაშიც, რომ მე ვაკეთებდი კოსტიუმებს… ზღაპარი კარგი სავარჯიშოა ფანტაზიის განსავითარებლად, ადამიანები ვიბადებით ფანტაზირების თანდაყოლილი ნიჭის რაღაც დოზით, რომელსაც სჭირდება ყოველდღიურად განვითარება, ვარჯიში, ისევე როგორც ყველაფერს, ჩემი აზრით. ახლა როცა ჩემს მოსწავლეებს ვაძლევ თავისუფალ თემას სახატავად, ვამშვიდებ თავიდანვე და ვეუბნები, რომ არ შეეშინდეთ, თუ თავიდანვე ვერ შემოიტანენ ისეთ ძლიერ სამყაროს, როგორიც უნდათ, რომ ამას დრო და მუშაობა სჭირდება.
ყველაზე ძლიერი ემოციაც პირველმა სპექტაკლმა მომიტანა, ყველაზე მეტად ამ სპექტაკლზე ვინერვიულე, იმიტომ რომ პირველად შევედი სამყაროში, რომელიც  აბსოლუტურად უცხო იყო ჩემთვის, თავისი სირთულეებით და პირველი სიხარულით… სიხარულით იმის გამო, რომ მე რაღაც დონეზე შევძელი ამ ყველაფრის გადალახვა. რა თქმა უნდა, პრემიერის სადღესასწაულო განწყობა კიდევ უფრო აძლიერებდა ჩემს ემოციებს…
ინსტიტუტში კიდევ რამდენიმე სპექტაკლი გავაკეთე, შალვა გაწერელიას გარდა, ვიმუშავე კიდევ რამდენიმე რეჟისორთან, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ჩემს პროფესიაში, ამ ადამიანებმა დიდი გამოცდილება შემძინეს, პირველად მაზიარეს ისეთ სივრცეებსა და ადგილებს, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, დამტვირთეს ისეთი შემოქმედებითი მუხტით, რომ იგი დღემდე არ გამნელებია… პირველ რიგში, მამუკა ტყემალაძეს გავიხსენებ, ჩვენ ინსტიტუტში დავიწყეთ ერთად მუშაობა და მას შემდეგ ჩვენი თანამშრომლობა წლების განმავლობაში გაგრძელდა, ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, პირველად მასთან ერთად გავაკეთე პიესა სამეფო უბნის თეატრში, ტ.უილიამსის “კატა თუნუქის გახურებულ სახურავზე“-ს მიხედვით. მას შემდეგ ბევრი სპექტაკლი დავდგით ერთად, მათ შორის იყო ისეთი პროექტებიც, რომლებიც, სამწუხაროდ, არ განხორცილედა. ერთ-ერთია ჩემი საყვარელი პიესა ჟ.ანუი-ს „ანტიგონე“, რომლის მაკეტი და ესკიზები დღესაც თაროზე მიდევს, შემდგარი სპექტაკლებიდან კი – ერიკ ემანუელ შმიდტის პიესის „ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი“-ს მიხედვით დადგმულ სპექტაკლს “წერილები ღმერთს“ გამოვყოფდი.10721034_10203101195397011_118252988_n
ეს სპექტაკლი ჩემთვის თავისი თემატიკით და ფორმითაც გამორჩეულია, პიესა გვიყვება ლეიკემიით დაავადებულ ბავშვზე, რომელიც თორმეტ დღეში იზრდება ასოცი წლით, იბადება, აღწევს ზრდასრულ ასაკს, ბერდება და გარდაიცვლება. ოსკარს ამ თამაშს სთავაზობს ვარდისფერი ქალბატონი. ჩვენ გვინდოდა რომ ეს მძიმე თემა მსუბუქად გაგვეკეთებინა, ამიტომ გადავწყვიტეთ შეგვექმნა ისეთი სამყარო, როგორსაც ხედავენ ბავშვები – ზედმეტად ფერადი, პასტელურ ფერებში გადაწყვეტილი, ჰაეროვანი და გამჭვირვალე, როგორც სიზმარი, რომელიც ჯადოსნურ სამყაროებს გვთავაზობს. გვქონდა პროექციაც, ის ისტორიები, რასაც ჰყვება ოსკარი და რომლებიც არ ჩანან მოქმედებაში, ჩვენ გავაცოცხლეთ ანიმაციის სახით. ეს იყო ბავშვის წარმოსახვაში დახატული პერსონაჟები, მარტივი, მაგრამ ზუსტი ხასიათითა და ცხოვრების უნარიანობით დატვირთულინი… ფინალში ჩვენი ოსკარი კი არ გარდაიცვლებოდა, არამედ თავისი პატარა თვითმფრინავით სხვა სამყაროში  ბედნიერი მიფრინავდა…
ასევე მინდა ვახსენო არაჩვეულებრივი ახალგაზრდა რეჟისორი პაატა ციკოლია (ფოთის თეატრის მთავარი რეჟისორი), ვისთან ერთადაც პირველად შევეხე რუსთაველის თეატრს. პაატა მაშინ ბატონ რობერტ სტურუას მაგისტრანტი იყო და დგამდა რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე ჩემი უსაყვარლესი მწერლის სამუელ ბეკეტის პიესას „თამაშის დასასრული“, რომელსაც შემდგომში, საპრემიეროდ დაერქვა“ცარიელი სიმრავლე“. ამ სპექტაკლზე მუშაობამ უზარმაზარი გამოცდილება მომცა. ეს იყო პირველი სპექტაკლი დიდ თეატრში, სადაც იზრდები საკმაოდ მალე, თითქოს ბავშვობიდან დიდობაში გადადიხარ და სწავლობ, როგორც პროფესიას, ასევე ურთიერთობებს, რაც, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია…
მინდა ვახსენო გოგა მაისურაძეც, ასევე ბატონ რობერტ სტურუას მაგისტრანტი, და ასევე ნიჭიერი ადამიანი, ვისთანაც ვიმუშავე ორ სპექტაკლზე, – ერთი იყო რუსთაველის თეატრაში, ექსპერიმენტულ სცენაზე, პიესას ერქვა „თავისუფლების შუაღამე“ და მეორე კი “ფიქრობ გვცემენ?“. ამ სპექტაკლისთვის მე, როგორც საუკეთესო მხატვარმა, ავიღე„არდიfest“-ის პრიზი…
რეჟისორ გოშა გორგოშიძესთან ერთად რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე დავდგით გერმანელი დრამატურგის ჰაინრიჰ ფონ კლაისტის პიესა „პრინცი ჰომბურგი“, სადაც მე სცენოგრაფიის ავტორი ვიყავი.
და ბოლოს, მინდა გავიხსენო ბატონ გოგი ალექსი -მესხიშვილი, რომელთანაც ორჯერ მქონდა ბედნიერება ასისტენტად მემუშავა, პირველად სპექტაკლზე „ჯამბაზები“ (რ. თემურ ჩხეიძე ) და მეორედ „სტუმარ-მასპინძელი“ (რ. გოშა გორგოშიძე)
– ორი სიტყვით, მუშაობის პროცესზეც მოგვიყევი, რამდენად შრომატევადია და რა არის ყველაზე რთული?
– ყველაზე დიდი სირთულე ჩვენს საქმეში, ჩემი აზრით, არის ის, რომ იპოვო რეჟისორი, რომელთანაც ძალიან კომფორტულად იგრძნობ თავს და შემდეგ ამ რეჟისორთან ერთად შემოიკრიბო თანამოაზრეები და შეკრა გუნდი, რასაც, რა თქმა უნდა, პირველ რიგში აკეთებს რეჟისორი და შემდეგ ყველა ერთად. თუ სიტყვა „ერთად“ უცხოა იმ ხალხისათვის, ვისთანაც მუშაობ, ჩათვალეთ რომ სპექტაკლი განწირულია… რთულია, რა თქმა უნდა, შემდეგი ეტაპებიც – პიესის გაგება, ზუსტი და საინტერესო ფორმებისა და შინაარსების პოვნა, მათი მიტანა მაყურებლამდე ისე, როგორც იყო ჩაფიქრებული, იმიტომ რომ გზადაგზა, მუშაობის პროცესში ბევრი რაღაც იკარგება, გააკეთო რაღაც ახალი, შენი, ძალიან რთულია დღევანდელ დღეს… და ბოლოს, სუფთა ტექნიკური პრობლემები, ჩვენი პროფესია განსხვავდება უბრალო მხატვრობისაგან, ჩვენ ვაკეთებთ სამყაროს სამ განზომილებაში, ამიტომ აქ მუშაობა რამდენადაც საინტერესოა, იმდენადვე რთულია, კინოსგან განსხვავებით, სადაც შეგიძლია მოჭრა, რაც არ გჭირდება და კადრის იქით დატოვო… აქ არ გამოდის ასე, აქ ყველაფერი გადაშლილი ხელის გულივითაა, ამიტომ მხატვრებისათვის ამ სივრცეში მუშაობა დიდი თავსატეხია და, ალბათ, ეს არის კიდეც თეატრის მთავარი ხიბლი…
– შთაგონებას რაში ეძებ, რა არის შენი ინსპირაციის მთავარი წყარო?10715772_10203101195437012_102618883_n
– ინსპირაციის წყარო ყოველი სპექტაკლის დროს სხვადასხვაა, თუმცა მუშაობის მეთოდი თითქმის ერთნაირია… პირველ რიგში, ბუნებრივია, ვკითხულობ პიესას, შემდეგ უკვე რეჟისორი მეუბნებ,ა რა უნდა, შემდეგ ისევ რამდენიმეჯერ ვკითხულობ პიესას და ვიწყებ მასალების შეგროვებას. სანამ დანიშნულების ადგილამდე მივალთ, გავდივართ დიდ გზას დისკუსიებისა და აზრთა გაცვლა-გამოცვლისა, რაც უბრალოდ აუცილებელია – თუ ეს არ ხდება, შენ რჩები შენთვის და რეჟისურა თავისთვის… ამიტომ მე ვმუშაობ რეჟისორებთან, ვისთანაც აუცილებლად მაქვს სინერგია, ინსპირაციის წყარო კი ორივე უნდა ვიყოთ ერთმანეთისათვის…
– მუზებზე რას იტყვი? დასდევ თუ მოშინაურებული გყავს?
– ეს შეკითხვა ძალიან მომეწონა (იცინის). მე პირადად ვერ შევძელი ჩემი ურჩი მუზების მოთვინიერება, მუდმივად მათ დევნაში ვარ, მუდმივად ვცდილობ თვალი მოვკრა… მაგრამ ეს წამებში ხდება და მიყვარს ეგ მომენტი, როცა დავინახავ და უკვე ვიცი, რა უნდა გავაკეთო, მაგ მომენტში ყველაფერი თავისით ლაგდება და მეც ვმშვიდდები… მით უმეტეს, რომ ჩვენს საქმეში არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ მხართეძოზე წამოწოლილნი ველოდოთ მუზებს, როდის მოფრინდებიან… უხეშად რომ ვთქვა, ჩვენ, ფერმწერებისგან განსხვავებით, გვაძლევენ დაკვეთას და ვადებს, დროში უნდა ჩაეტიო, გელოდება დიდი ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც შენზე არიან დამოკიდებულნი, შენს გარეშე ვერ დაიწყებენ მუშაობას… ასე რომ, მუზას თუ ვერ მოიშინაურებ, ყურით დაჭერა მაინც უნდა ისწავლო (იცინის).
– შემოქმედები (მხატვრები და არა მარტო), რომლებმაც შენზე გავლენა იქონიეს?
– ასე არ ვიცი, გავლენის მოხდენა ცოტა ფართო მცნებაა, ჩვენს სამყაროში სადაც ინტერნეტია და საზღვრები დაკარგული, სადაც ყველაფერი შენს წინაშეა, ბევრი რაღაც და ვიღაც ახდენს გავლენას შენზე, შენს შემოქმედებაზე… „გავლენა“- სიტყვა არ მიყვარს, უბრალოდ გარე სამყარო შენში ილექება და მერე შენს შემოქმედებაში გადმოდის. თუ ეგრე არ ხდება, ვთვლი, რომ ჩემთვის და ჩემი შემოქმედებისათვის ეგ ფაქტი ცუდია, რადგან თუ შენს თავთან მარტო ხარ, მეგობრების გარეშე და რჩები სიცარიელეში, შენი ნამუშევარიც ფუყე, არაფრის მთქმელი, არასაინტერესო რჩება… ამიტომ მე ვცდილობ, ბევრი რაღაცა შემოვუშვა ჩემში, რასაც არ ვიცი, როგორ ვახერხებ, მაგრამ ეს ალბათ ეტყობა ჩემს ნამუშევრებს… მიჭირს საკუთარი თავის და შემოქმედების შეფასება, ვცდილობ, ვისწავლო საკუთარი თავის გარედან დანახვა მესამე თვალით, მაგრამ, მგონი, არ გამომდის (იცინის).
– შემოქმედებით თვითრეალიზებას, თეატრის გარდა, თვითნაკეთ ნივთებშიც ახდენ, თუ ეს უბრალოდ ჰობია?
– როგორ გითხრა, ალბათ, ორივე ერთად… თავიდან ხელნაკეთი ნივთების კეთება იმისათვის დავიწყე, რომ ჩემი შემოსავლის წყარო გამეზარდა, თუმცა მხოლოდ ეს არ იყო მიზეზი – ხელსაქმე სპექტაკლებს შორის არსებულ პაუზას მივსებს. ვერასოდეს და არასოდეს არ ვაკეთებ ისეთ რამეს, რასაც მე თვითონ არ გამოვიყენებ, ყველა ნამუშევარს, რომლებიც, ძირითადად, გულსაბნევებია, მე თვითონაც სიამოვნებით ვატარებდი – ფიზიკურად ვერ ვაკეთებ იმას, რაც არ მომწონს, იმიტომ კი არა, რომ პრინციპი მაქვს ასეთი, უბრალოდ ეგეთი ნამუშევარი აუცილებლად მიფუჭდება და, რა თქმა უნდა, მერე ვერც ნახულობს დღის შუქს, თაროზე რჩება…
– ტექნიკაზე და მასალაზეც გვითხარი ორი სიტყვა… და კიდევ იმაზე, გიჭირს თუ არა ნამუშევრებთან განშორება?10721031_10203101195197006_672689718_n
– რაც შეეხება ტექნიკას, ბროშები სხვადასხვანაირია, სხვადასხვა მასალით შესრულებული თიხის ბროშებიცაა და ქსოვილისაგან დამზადებულიც. თიხასთან ქსოვილს არ ვხმარობ, ქსოვილთან კი ნებისმიერ მასალას ვურევ. თიხის გულსაბნევები უფრო პერსონაჟული ხასიათისაა, დანარჩენი კი უფრო დეკორატიულად ჩაითვლება.
ნამუშევრებთან განშორება არ მიჭირს, პირიქით, ძალიან მიხარია, ხალხი რომ ყიდულობს და მოსწონთ, მიხარია, რომ ვიღაცა ჩემი ნამუშევრით გულდამშვენებული დადის …
– უახლოეს მომავალში რა გეგმები გაქვს, მუშაობ რაიმე სპექტაკლზე?
– კი, ახლა ვმუშაობ ახალ სპექტაკლზე რუსთაველის თეატრში, რეჟისორ გოშა გორგოშიძესთან ერთად. ვდგავთ მოლიერის „ მიზანტროპს“-მცირე სცენაზე.
– და ბოლოს, ოცნება გაგვიმხილე, შემოქმედებითი და არა მარტო…
– ჩემი ოცნებაა, ვაკეთო ჩემი საქმე, რომელიც საოცრად მიყვარს და ჩემს საყვარელ სივრცეში ყოველთვის მქონდეს ჩემი პატარა ნიშა, მუდმივად მქონდეს საქმე და შევძლო განვითარება, შემოქნედებითი ზრდა, მინდა არ დავრჩე ერთ ადგილას, მინდა ვიყო მუდმივად სავსე და ცოცხალი…

გიორგი მიქაძე

10584455_10203101195357010_239256835_n

10719215_10203101195677018_1039189216_n

10719437_10203101195317009_1044739963_n

10721067_10203101195237007_1429328017_n

10723441_10203101195797021_600735472_n

10726324_10203101195837022_1556556152_n

10654178_10203101195477013_35602820_n

10723356_10203101195557015_2116411180_n

10719136_10203101195517014_917533574_n

10721088_10203101195637017_1362465358_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები