საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალენ ბერსეს შეხვდა.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ალენ ბერსეს ვიზიტის მნიშვნელობას და ევროპის საბჭოს მნიშვნელოვან წვლილს საქართველოში რეფორმების განხორციელებისა და ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესში.
შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროპის საბჭოს ნაყოფიერ თანამშრომლობას, ასევე – ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს.
„ჩვენ გვქონდა ძალიან მეგობრული, პროდუქტიული შეხვედრა. ვისაუბრეთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, საქართველოსა და ევროსაბჭოს თანამშრომლობაზე. შევთანხმდით, რომ გაგრძელდება მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენს ქვეყანასა და ევროსაბჭოს შორის. 90-იანი წლებიდან მოყოლებული ჩვენ გვაკავშირებს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა. ჩვენი ინტერესია, რომ ეს თანამშრომლობა მაქსიმალურად აქტიურად გაგრძელდეს. პირადად გენერალური მდივნის როლი ამაში განსაკუთრებულია და დარწმუნებულები ვართ, ჩვენს ქვეყანას ექნება პირადად ბატონი ალენ ბერსეს მხარდაჭერა ყველა მიმართულებით”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი თამარ ტალიაშვილი დაესწრნენ.