“არჩევნების თემა არის სპეკულაცია, ვინაიდან არჩევნების გაყალბება შეუძლებელია,” – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, გიორგი ვოლსკიმ გადაცემა „დღის ქრონიკაში” საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ეს სპეკულაციები უსაფუძვლოა, რადგან წარმოუდგენელია, რომ ვინმემ გამოიცნოს რომელ პარტიას მისცა ხმა ამომრჩეველმა.
„და რომც გამოიცნოს, რა უნდა ქნას? წარმოუდგენელია ამის გამოცნობა. მით უმეტეს, ასი ათასი, თუ სამასი ათასი კაცის მონაწილეობა გაყალბებაში. ეს არის ზღაპარი, მაგრამ აქ მთავარი თემა არის რუსეთის თემა, ომი მიმდინარეობს უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ. შეიქმნა ისეთი სიტუაცია, რომელიც ჩვენ გვავალებს პრაგმატიზმს, მაგრამ ემოციაც არის – ამდენი ადამიანი, ამდენი ახალგაზრდა, ამდენი ბავშვის ცრემლი, ამდენი სისხლი. რასაკვირველია, ეს ემოციურად გაღელვებს, მაგრამ მსოფლიო პრაგმატულია, ცივსისხლიანად პრაგმატულია და შესაბამისად, ახლა უნდა გადავიდეს მოლაპარაკების სტადიაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, მნიშვნელობა არა აქვს მე და თქვენ რას ვლაპარაკობთ, ზოგადად, ევროკავშირი რას იტყვის, ან ევროსაბჭო. აბსოლუტურად არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ ამან მიიღო ის ფორმები, რისიც ჩვენ გვეშინია და რაზეც იმუქრებიან ერთი და მეორე მხრიდან. პატარა ქვეყანა საქართველო ცდილობს გადარჩეს“, – განაცხადა ვოლსკიმ.