საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია: ბიძინა ივანიშვილთან საუბრისას ემანუელ მაკრონი ყველა პოლიტიკურ პარტიასა და სამოქალაქო წარმომადგენელთან ინკლუზიური დიალოგის მოწოდებით გამოვიდა
ბიძინა ივანიშვილთან საუბრისას ემანუელ მაკრონი ყველა პოლიტიკურ პარტიასა და სამოქალაქო წარმომადგენელთან ინკლუზიური დიალოგის მოწოდებით გამოვიდა. ინფორმაციას საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„მან მოუწოდა ინკლუზიური დიალოგისკენ ყველა პოლიტიკურ პარტიასა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელს, ქართველი ხალხის ევროპული და დემოკრატიული მისწრაფებების პატივისცემის შესაბამისად, რასაც კიდევ ერთხელ მიესალმა“, – წერს საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
ამასთან, აღნიშნულ სატელეფონო საუბარზე ინფორმაციას ავრცელებს „ქართული ოცნების“ პრესსამსახურიც.
მათი ინფორმაციით, მაკრონმა აღნიშნა, რომ წუხს საქართველოში შექმნილი ვითარების გამო და ამ ვითარების სრულად განმუხტვაში თავისი წვლილის შეტანის სურვილი გამოთქვა.
“თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტს ინიციატივისათვის მადლობა გადაუხადა და ერთობლივი ძალისხმევის იდეას მიესალმა.
ივანიშვილი და მაკრონი შეთანხმდნენ, რომ მომდევნო დღეებში კვლავ შედგება კონტაქტი და შეფასდება მიღწეული პროგრესი. საუბარი ერთ საათს გაგრძელდა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.