მამუკა მდინარაძე – „იმედთან“ გახარიას პარტიის წევრების აქციაზე: „ნაცმოძრაობის“ ყველაზე უმორალო ნაწილმა ითამაშა ყინულმჭრელის როლი, რომ ეს გახდეს პერმანენტული და ყველაზე რეიტინგულ ტელევიზიას არ მისცენ თავისუფლად მოქმედების საშუალება
„ნაცმოძრაობის“ ყველაზე უმორალო ნაწილმა, მათთან მოღალატეებმა დღეს ითამაშეს ყინულმჭრელის როლი, რომ შემდეგ ეს გახდეს პერმანენტული და ყველაზე რეიტინგულ ტელევიზიას არ მისცენ თავისუფლად მოქმედების საშუალება. ამ ყველაფერს მოაქვს მერე ჟურნალისტებზე თავდასხმა, ბულინგი და ყველაფერი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ კერძო ტელეკომპანია „იმედთან“ გახარიას პარტიის წევრების აქციაზე საუბრისას განაცხადა.
„დღეს ყველაზე უმორალო პარტიის წარმომადგენლებმა, ყინულმჭრელის როლი შეასრულეს, „იმედთან“ პირველად ისინი გამოუშვეს, რომ მიაჩვიონ ყურს და თვალს, რომ შეიძლება კერძო ტელეკომპანიასთან, კერძო საკუთრებასთან მიხვიდე და სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა მოსთხოვო. ესეც ფაშიზმის ერთ-ერთი მტკიცებულება და გამოვლინებაა.
უკიდურესი თავხედობა და ფაშიზმია, რომ კერძო ტელევიზიას მიადგე და უთხრა, რომ შენ რასაც ლაპარაკობ ის არ ილაპარაკო და ილაპარაკე სხვა რამე. გაჩვევენ, რომ ხვალ კიდევ დიდი აქცია გაიმართოს, ზეგ შემოვარდნენ, მაზეგ ეთერი დაიკავონ, ეს უნდათ“, – აღნიშნა მდინარაძემ.