“ასზე მეტი პოლიციელია დაზარალებული, დაახლოებით ოცამდე მათგანს ძალიან სერიოზული ხასიათის ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, ნაწილი დღემდე კლინიკაში აგრძელებს მკურნალობას” – გივი მიქანაძე
“მნიშვნელოვანი და პრევენციული ხასიათის საკანონმდებლო ცვლილებებია, თუმცა, აქ უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ამ საკითხზე წლებია, ვმუშაობთ, ეს საკითხი აქტუალურია”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ საუბრისას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ განაცხადა, რითაც პიროტექნიკის რეგულაციების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივას გამოეხმაურა.
„განსაკუთრებით მინდა, გამოვყო, რომ წინა მოწვევის პარლამენტში ამ საკითხზე არაერთგზის მიმდინარეობდა მსჯელობა. სამუშაო ვითარებაშიც იხილებოდა კანონმდებლობა. მოგეხსენებათ, რომ ყოველწლიურად, ახალი წლის დადგომასთან ერთად გვაქვს ათეულობით შემთხვევა, როდესაც პიროტექნიკის გამოყენების შედეგად ადამიანები იღებენ სხეულის სხვადასხვა ფორმის დაზიანებას. მათ შორის, მცირეწლოვანი, არასრულწლოვანი პირებიც. შესაბამისად, ამ საკითხებზე მიმდინარეობდა რეგულაციები, თუმცა დამდგარმა რეალობამ და იმ მძიმე მოცემულობამ, რომელიც ჩვენ ვიხილეთ რომ პიროტექნიკა, ფაქტობრივად ერთგვარ იარაღად იყო გამოყენებული ძალოვანი სტრუქტურების საწინააღმდეგოდ, ასევე სახელმწიფო უწყებების წინააღმდეგ და იცით, რომ არაერთ ინფრასტრუქტურას პარლამენტის შენობის ფორმატში ცეცხლი გაუჩნდა სწორედ პიროტექნიკის გამოყენების შედეგად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ შესაბამისი ცვლილებები მომზადდეს.
ასზე მეტი პოლიციელია დაზარალებული და მინდა, გითხრათ, რომ დაახლოებით ოცამდე მათგანს ძალიან სერიოზული ხასიათის ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. ნაწილი მათგანი დღემდე კლინიკაში აგრძელებს მკურნალობას“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.