კახიანი – “ტვ პირველის” გადამღებ ჯგუფზე თავდასხმაზე: იმედი მაქვს, ძალიან მალე გამოვლინდება კონკრეტული პირები, რომლებიც ამაში იღებდნენ მონაწილეობას
“ძალიან მძიმე კადრები ვიხილეთ. არ მეგულება საღად მოაზროვნე ადამიანი, რომელსაც შეიძლებოდა, ეს მოსწონებოდა და კრიტიკული დამოკიდებულება არ ჰქონოდა ამ ყველაფრის მიმართ”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა ისაუბრა, რითაც “ტვ პირველის” გადამღებ ჯგუფზე განხორციელებულ თავდასხმას გამოეხმაურა.
“აუცილებელია, რომ ნათელი მოეფინოს იმას, თუ რა მოხდა ამ შემთხვევაში და ვისი მხრიდან განხორციელდა ასეთი ძალადობა. მე მოვისმინე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მხრიდან გაკეთებული განცხადება. მოგეხსენებათ, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს კონკრეტულად ამ საკითხს. მე მოვისმინე ის პროცესუალური მოქმედებები, რომლებიც განხორციელდა ამასთან დაკავშირებით, იმისათვის რომ გამოვლინდნენ ის პირები, ვინც ძალიან მძიმე დანაშაული ჩაიდინეს და ყველაფერი ეს მაძლევს იმის საფუძველს, ვივარაუდო, რომ იმდენად დიდ მასშტაბებზე იყო განხორციელებულ შესაბამისი პროცესუალური მოქმედებები, რომ იმედი მაქვს, ძალიან მალე გამოვლინდება კონკრეტული პირები, ვინც ამაში იღებდნენ მონაწილეობას. ბუნებრივია, შესაბამისი პასუხისმგებლობაც დადგება მათ მიმართ”, – აღნიშნა კახიანმა “დღის კურიერში” საუბრისას.