პოლიციამ ბათუმში ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტზე 5 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბათუმში ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 5 პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულები არიან: 1978 წელს დაბადებული მ.ჯ., 2004 წელს დაბადებული გ.მ., 2003 წელს დაბადებული დ.გ., 2002 წელს დაბადებული გ.დ. და 2004 წელს დაბადებული ა.კ.

მათივე ცნობით, დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 3 დეკემბერს, ბათუმში გამართული საპროტესტო აქციის ფარგლებში, აქციის მონაწილეთა ჯგუფი ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში შევიდა რექტორის სამუშაო ოთახთან ბანერის გაკვრის მიზნით, აღნიშნულის საშუალება არ მისცა ამავე უნივერსიტეტის ლექტორმა, 1981 წელს დაბადებულმა თ.ც.-მ. რის გამოც, ამავე უნივერსიტეტის დეკანმა – 1978 წელს დაბადებულმა მ.ჯ.-მ თ.ც.-ს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

გამოძიებით ასევე, დადგინდა, რომ 1978 წელს დაბადებული მ.ჯ. და მისი სტუდენტები მოგვიანებით თ.ც.-ს მეუღლეს – 1975 წელს დაბადებულ ი.დ.-ს და მის მეგობარს – 1977 წელს დაბადებულ ი.ნ. -ს უნივერსიტეტის შენობაში ფიზიკურად გაუსწორდნენ.

პოლიციამ ბრალდებულები მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს .

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები