მათიკაშვილი – ოპოზიციაზე: ცდილობენ, სწორედ 20 იანვრამდე მოასწრონ რადიკალიზმი და პრობლემა შეუქმნან საკუთარ ქვეყანას
“ცდილობენ, სწორედ 20 იანვრამდე მოასწრონ რადიკალიზმი და პრობლემა შეუქმნან საკუთარ ქვეყანას. ისინი ხომ რეალურად საკუთარ სამშობლოს უდგანან ოპოზიციაში და არა მმართველ პარტიას?!”, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ისაუბრა, რითაც პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას მიერ „ფორმულას“ ეთერში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომ ოპოზიციამ გეგმა ტრამპის ინაუგურაციამდე უნდა შეასრულოს.
„იციან [საზოგადოების] დამოკიდებულება ოჯახური ღირებულებების მიმართ და ის, რომ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის პოლიტიკა ძალიან ესადაგება იმ პოლიტიკას და სამართლებრივ ჩარჩოებს, რაც ჩვენმა ქვეყანამ და ხელისუფლებამ გააკეთა, ცდილობენ სწორედ 20 იანვრამდე მოასწრონ რადიკალიზმი და პრობლემა შეუქმნან საკუთარ ქვეყანას. ისინი ხომ რეალურად საკუთარ სამშობლოს უდგანან ოპოზიციაში და არა მმართველ პარტიას?!“ – აღნიშნა მათიკაშვილმა.