ანრი ოხანაშვილი – კეზერაშვილის საქმეზე: ეს არის კიდევ ერთი ღირსეული გამარჯვება საქართველოს და ქართული ჯარის სახელით

იუსტიციის მინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ კეზერაშვილის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ჟურნალისტის კითხვას უპასუხა.

„ამ საქმესთან დაკავშირებით მიზანმიმართულად მიმდინარეობდა ქართული მართლმსაჯულების სისტემის დისკრედიტაცია. ხდებოდა კონკრეტულ გვარებთან მიმართებით სპეკულაცია, რომ თითქოს ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული პროცესი, რომლითაც ამ პირის უფლებები შეილახა. ეს იყო მიზანმიმართული კამპანია და ამ კამპანიას წერტილი დაუსვა სტრასბურგის სასამართლომ მას შემდეგ, რაც თავის დროზე უზენაესმა სასამართლომ გამოიტანა განაჩენი. მოხდა მხილება, მათ შორის, იმ პირების, ვინც კეზერაშვილის ტელევიზიის მეშვეობით აწარმოებდა ამ კამპანიას. ჩვენ დაველოდებით, ასევე, ამ პარტიული ტელევიზიის წარმომადგენლების შეფასებებს, რას იტყვიან ისინი სტრასბურგის სასამართლოს ამ მხილებაზე; ასევე, ველოდებით იმ ცალკეული ევროპელი პოლიტიკოსების შეფასებებს, რომლებიც კეზერაშვილს რეზოლუციებს უძღვნიან. დაველოდებით, მიუძღვნან რეზოლუცია, როგორ ამხილა სტრასბურგის სასამართლომ კეზერაშვილი განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში. ასევე, აქ მთავარი ისაა, რომ  შემთხვევითი არ არის, რომ ეს პროცესი მიმდინარეობდა 2008 წლის აგვისტოს ომამდე მცირე ხნით ადრე ‒ საუბარი იყო თითქოსდა წვრთნებზე და ამ დროს ფიქციური ხელშეკრულებით გაფორმდა ოფშორში ხელშეკრულება, რომლითაც დიდი ზიანი მიადგა ქართულ ჯარს და ქართველ ჯარისკაცებს. ამიტომ ეს არის კიდევ ერთი ღირსეული გამარჯვება საქართველოს და ქართული ჯარის სახელით“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები