შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ომბუდსმენის აპარატი განცხადებას ავრცელებს

“ყოველი წლის 3 დეკემბერს, მსოფლიოს მასშტაბით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღის აღნიშვნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და საზოგადოების ყველა სფეროში მათი თანასწორ პირობებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზანს ემსახურება”, – ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

“ყოველწლიურად, 3 დეკემბერს მსოფლიო თანამეგობრობა ცდილობს კონკრეტულ მიზანზე კონცენტრირდეს, რაც შემდგომში შშმ პირთა უფლებების თანაბარ პირობებში დაცვასა და მათ საზოგადოებაში ინკლუზიას შეუწყობს ხელს. 2024 წელს ასეთ თემად „შშმ პირთა ლიდერობის გაძლიერება ინკლუზიური და მდგრადი მომავლისთვის“ იქნა დასახელებული. სახელმწიფოებმა განსაკუთრებული აქცენტი შშმ პირთა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვის გაძლიერებაზე, ცხოვრების ყველა სფეროში შშმ პირთა ინკლუზიის ხელშეწყობაზე, მათ შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და შშმ პირთა მიღწევებისა და როლის აღნიშვნასა და წარმოჩენაზე უნდა გააკეთონ.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს აქვთ უფლება გამოხატონ საკუთარი მოსაზრებები, მონაწილეობა მიიღონ მშვიდობიან აქციებში და ჩაერთონ პოლიტიკურ პროცესებში თანასწორუფლებიანობის საფუძველზე. ეს უფლებები აუცილებელია ინკლუზიური საზოგადოების უზრუნველსაყოფად, სადაც მრავალფეროვნება დაფასებულია და თითოეული ადამიანის ხმა საერთო სიკეთის შექმნას ემსახურება.

სახალხო დამცველი გმობს 3 დეკემბერს, დილით თბილისში მიმდინარე აქციის მონაწილე ყრუ პირის ცემის ფაქტს და მოუწოდებს სახელმწიფოს უზრუნველყოს აზრის მშვიდობიანი გამოხატვის უფლების რეალიზება შშმ პირთათვის სხვებთან თანაბარ პირობებში და აქციის მონაწილეთა მიმართ დაგეგმილ თუ განხორციელებულ ყველა საპასუხო ზომაში გაითვალისწინოს ყველა ტიპის შესაძლებლობის შეზღუდვის მქონე პირთა ინდივიდუალური საჭიროებები”, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები