იტალიაში აცხადებენ, რომ უკრაინაში კონფლიქტის შემსუბუქების ნიშნები არ ჩანს

უკრაინაში კონფლიქტის შემსუბუქების ნიშნები არ ჩანს, – ამის შესახებ ნათქვამია იტალიის უმაღლესი თავდაცვის საბჭოს (SDC) სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ კომუნიკეში, რომელიც რომში პრეზიდენტ სერჯო მატარელას თავმჯდომარეობით გაიმართა.

განცხადების მიხედვით, იტალიის მხარდაჭერა კიევის მიმართ კიდევ ერთი სამხედრო დახმარების პაკეტით დასტურდება.

„უკრაინაში კონფლიქტის შემსუბუქების ნიშნები არ ჩანს. საბჭო შეშფოთებით აღნიშნავს რუსეთის გადაწყვეტილებას, ნებისმიერ ფასად განახორციელოს ტერიტორიული ანექსიის მიზნები“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც იტალიის მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები ესწრებოდნენ.

საბჭომ ასევე აღნიშნა იტალიის მონაწილეობის მნიშვნელობა ევროკავშირისა და ნატოს ინიციატივებში, რომლებიც მიმართულია კიევის მხარდაჭერისა და უკრაინის მომავალი რეკონსტრუქციის სამუშაოებისთვის.

„საბჭომ კიდევ ერთხელ დაადასტურა იტალიის სრული მხარდაჭერა უკრაინის მიმართ მისი თავისუფლების დაცვაში. სამხედრო დახმარების შესახებ მეთორმეტე დადგენილება ამ მიზანს შეესაბამება“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები