მარიამ ქვრივიშვილი: ჩინეთში საქართველოს დელეგაციის ვიზიტი პრემიერ-მინისტრის ხელძღვანელობით ძალიან წარმატებული იყო, უკვე ვიხილეთ ვიზიტის ხელშესახები შედეგი – ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა იწყება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს დელეგაციის ვიზიტი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელძღვანელობით ძალიან წარმატებული იყო.

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა ამ თემაზე საუბრისას აღნიშნა, ერთი მხრივ შედგა უმაღლესი რანგის პოლიტიკური შეხვედრები ორი ქვეყნის ლიდერებს შორის, მეორე მხრივ კი ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა უმნიშვნელოვანეს შეთანხმებებს სხვადასხვა დარგობრივი მიმართულებით.

„ვიზიტის ფარგლებში ხელი მოვაწერეთ საავიაციო შეთანხმებას და შედეგად უკვე მიღებულია გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ უმსხვილესი ჩინური ავიაკომპანია Air China საქართველოსა და ჩინეთის დედაქალაქებს შორის რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას იწყებს. ასევე ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავებაზე შევთანხმდით, ანუ კიდევ უფრო ახალ ეტაპზე გადავიდა საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის სტრატეგიული, არსებული თანამშრომლობა, რის ფარგლებშიც განსაკუთრებული აქცენტი ინვესტიციების მოზიდვაზე გაკეთდა“, – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა ჩინეთის მხარესთან გაფორმებულ ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელოვნური ინტელექტის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ. ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, მემორანდუმის საფუძველზე მოხდება ინფორმაციული გაცვლა, ისევე როგორც საუკეთესო პრაქტიკების გამოყენება ჩვენს ქვეყანაში. კიდევ ერთი შეთანხმება, რომელზეც მარიამ ქვრივიშვილმა აქცენტი გააკეთა, ჩინეთის ბაზარზე საქართველოდან ფრინველის ხორცის ექსპორტია.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანია პირველ რიგში ქართველი მეწარმეებისთვის – ჩინეთის ბაზარზე უკვე დაშვებულ იქნა ფრინველის ხორცის ექსპორტი. ზოგადად ჩინეთი ჩვენი ქვეყნისთვის გამორჩეულად, სტრატეგიული სამიზნე ქვეყანაა – უშუალოდ სავაჭრო-ეკონომიკური და სხვა სექტორების მიმართულებით. ჩვენ ვხედავთ, რომ ქართული პროდუქციის ექსპორტი წლიდან წლამდე მზარდია, რისი კარგი დემონსტირებაც იყო ის, რომ შანხაიში, ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე (China International Import Expo (CIIE)) საქართველო პირველად მონაწილეობდა როგორც საპატიო სტუმარი ქვეყანა. გამოფენაზე ჩვენთან ერთად იმყოფებოდნენ ქართველი მეწარმეები, რომლებიც ადგილზე უწევდნენ ქართულ პროდუქციას პოპულარიზაციას“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ხაზს უსვამს – საქართველოს ხელისუფლების ინტერესია, რომ ორ ქვეყანას შორის მაქსიმალურად გაიზარდოს სავაჭრო ბრუნვა. მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, ეს სრულადაა ბმაში ბაზრების დივერსიფიკაციასთან, რომელიც საქართველოს ყველა, მათ შორის ვაჭრობის სექტორში აქვს.

„ვიზიტის შემდგომ ჩვენ უკვე ვიხილეთ ხელშესახები შედეგი – ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრი საუბრობდა, ქვეყნებს შორის დაკავშირებადობის საკითხი იყო. ვიზიტმა ძალიან დააჩქარა გადაწყვეტილების მიღება – ავიაკომპანია Air China პეკინსა და თბილისს შორის რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას იწყებს“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები