პრემიერ-მინისტრმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრად დავით სონღულაშვილი წარადგინა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრად დავით სონღულაშვილი წარადგინა.
როგორც მთავრობის მეთაურმა ბრიფინგზე განაცხადა, დავით სონღულაშვილს აქვს ღრმა განათლება შესაბამის სფეროში, ბიზნესის, ეკონომიკის მიმართულებით.
„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრად მინდა, წარმოგიდგინოთ დავით სონღულაშვილის კანდიდატურა, მასაც არ სჭირდება განსაკუთრებული წარდგენა. მას აქვს ღრმა განათლება შესაბამის სფეროში, ბიზნესის, ეკონომიკის მიმართულებით, მას დამთავრებული აქვს კავკასიის ბიზნეს სკოლა და გრენობლის ბიზნესის უმაღლესი სკოლა. ის არის საერთაშორისო ბიზნესის მაგისტრი, ის გახლავთ საქართველოს პარლამენტის წევრი უკვე მრავალი წელია. სხვადასხვა დროს იყო სხვადასხვა კომიტეტის თავმჯდომარე, მათ შორის ევროინტეგრაციის კომიტეტის, ის იყო დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, მანამდე ძალიან წარმატებულ საქმიანობას აწარმოებდა ასევე კერძო სექტორში, სახელმწიფო სამსახურში. დავით სონღულაშვილი არის პროფესიონალი და დარწმუნებული ვართ, რომ ის იქნება არაჩვეულებრივი მინისტრი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროში”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.