შალვა პაპუაშვილი: ქართული ღირებულებები უფრო სწორი და მაღალია ვიდრე ზოგიერთი იმ ადამიანის ღირებულება, რომელსაც ევროკავშირის პასპორტი უდევს გულის ჯიბეში

ძალადობის წახალისება უცხოეთიდან მიმდინარეობს და ევროკავშირი საქართველოში იმ ევროპულ ღირებულებებზე საუბრობს, რომელსაც ხშირად სჯობს ქართული ღირებულებები,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

აღნიშნული განცხადებით, პაპუაშვილი ოპოზიციის აქციაზე 21 ნოემბერს დაკავებული პირის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

„ოპოზიციას არაფრის უნარი აქვს რომ რაიმე წაახალისოს, სამწუხაროდ ეს [ძალადობა] უცხოეთიდან ხალისდება. განსხვავება არ არის „მოლოტოვის კოქტეილის“ მსროლელ გრიგორიადისის შემთხვევასთან. ადამიანი ცდილობდა ცოცხლად დაეწვა პოლიციელი და მას გამოესარჩლნენ ევროპარლამენტის წევრები. უცხოეთიდან დაფინანსდა კამპანია მის ციხიდან დასახსნელად. ეს ახალისებს შემდეგ სხვას, რომ ჯოხი აიღოს და პოლიციელზე გაიწიოს. ვნახე კადრები სოციალურ ქსელში, ამერიკის სამთავრობო არხის „რადიო თავისუფლების“ ვიდეო, რომელიც იწყება იმ მომენტიდან, როდესაც ეს ადამიანი ჯოხით გარბის. ამოჭრილია მანამდე ორი წამი, სადაც ჩანს, როგორ ურტყამს პოლიციელს ზურგიდან ჯოხს. რა არის ახლა ეს ქცევა, თუ არა ძალადობის წახალისება?! ეს არის გამოწვევა ჩვენი. ამაზე დიდი ხანია ვესაუბრებოდი ელჩებს, დონორებს, რომ არ შეიძლება ასე. ხან გაეროს კონვენციებზე ვსაუბრობ მათთან და ხან ადამიანურ ღირებულებებზე, მაგრამ სამწუხაროდ, ყრუ კედელს ვაწყდები.

ადამიანებს ვეუბნები, რომ თქვენი, ევროპელი მოქალაქეების ფული რომ იხარჯება ასეთ ლამაზ ქვეყანაში, ქვეყანა რომ მოგწონთ და ეს არ არის მხოლოდ კულინარია და მთა-ბარი, ეს არის საზოგადოების და სახელმწიფოს მშვიდობიანი განვითარება და თანხა იხარჯება „მოლოტოვის კოქტეილის“ რომანტიზებაში, ამას რა ჰქვია?! არანაირი დაფინანსება „დემოკრატიის განვითარების ფონდს“ არ შეუწყვეტია და ეს ის ორგანიზაციაა, რომელიც ჩუმად აფინანსებს საქართველოში პარტიებს, შეკრებებს და რომელსაც მართავენ ევროპარლამენტარები. ის პარლამენტარები, რეზოლუციებს რომ იღებენ, რომ ქართველებო, მიდით აბა ახლა სანქციები დაუწესეთ რუსეთს და დაინგრიეთ თავიო, ევროპარლამენტარები, რომლებიც სხედან და ფულს ანაწილებენ, ჩვენ რომ გვეუბნებიან, დავით კეზერაშვილი კაი კაცია კრიმინალი კი არა, მედიამენეჯერიაო, მიხეილ სააკაშვილი გაუშვით ციხიდანო, ის ხალხი არიგებს აქ ფულს. რას უნდა ველოდოთ ამ ხალხისგან და „ევროპის დემოკრატიის ფონდისგან“ კარგს?! შედეგებითაც ხომ ვხდებით, რომ აზიანებს სხვა ქვეყნის დემოკრატიას. მერე ვინმე რომ გამოვა და ევროპულ ღირებულებებზე საუბრობს, რომელ ევროპულ ღირებულებაზეა საუბარი?! ზოგს ერევა ის, რომ ევროკავშირის პასპორტის ქონა ევროპელობას არ ნიშნავს. როდესაც ღირებულებებზე გვესაუბრებიან, იმას კი არ ვუყურებთ, რა პასპორტი უდევს ჯიბეში, პასპორტი ჩვენ ყველას გვაქვს, ვუყურებთ იმას, რა ღირებულებებს ატარებენ ეს ადამიანები. რიგ შემთხვევაში ვხედავთ, რომ ქართული ღირებულებები უფრო სწორი და მაღალია ვიდრე ზოგიერთი იმ ადამიანის ღირებულება, რომელსაც ევროკავშირის პასპორტი უდევს გულის ჯიბეში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები