„ბიჭი, რომელმაც ქარი მოათვინიერა“ — ისტორია ნარჩენებისგან აშენებულ ქარის წისქვილზე

მალავის პატარა, გვალვებით გატანჯულ სოფელში მოზარდმა, სახელად უილიამ კამკვამბამ შეძლო, ფაქტობრივად, არაფრისგან აეშენებინა ქარის წისქვილი, რომელმაც მის ხალხს ელექტროენერგია და იმედი მოუტანა; ბიჭის ისტორიამ კი, გამომგონებლობის, ბრძოლისა და თავდადების შესახებ მთელს მსოფლიოში მილიონობით ადამიანი შთააგონა.

1987 წელს დაბადებული უილიამი ფერმერულ სოფელ ვიმბეში გაიზარდა, სადაც ოჯახების უმეტესობა, მათ შორის, მისი ოჯახიც, სიღარიბეში ცხოვრობდა. 2001 წელს, როდესაც უილიამი სულ რაღაც 14 წლის იყო, ძლიერმა გვალვამ მალავი ძალიან დააზარალა, რამაც შიმშილობა გამოიწვია. ბიჭის ოჯახი ძლივძლივობით ახერხებდა საკვების ყიდვას, რომ აღარაფერი ვთქვათ სკოლის გადასახადზე, რის გამოც კამკვამბას სწავლის მიტოვება მოუხდა.

მიუხედავად იმისა, რომ მისი განათლების მიღების პროცესი შეჩერდა, უილიამის ცნობისმოყვარეობასა და ცოდნის წყურვილს ამან ვერაფერი ავნო. ახალგაზრდამ თვითშემეცნების გზა აირჩია და მცირე სათემო ბიბლიოთეკაში ხშირი სტუმრობა დაიწყო. იქ მან აღმოაჩინა სამეცნიერო წიგნი, სახელწოდებით — „ენერგიის გამოყენება“. ერთმა ილუსტრაციამ – ქარის წისქვილმა – მისი ყურადღება განსაკუთრებით მიიქცია. მართალია, რეალურ ცხოვრებაში მსგავსი რამ არასდროს ენახა, მაგრამ ​​ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად ქარის გამოყენების იდეა, სოფლის ცხოვრების გასაუმჯობესებლად, ძალიან მოეწონა.

ასე და ამგვარად, წიგნში მოცემული დიაგრამებითა და საკუთარი მონდომებით შეიარაღებულმა უილიამმა, ქარის წისქვილის აშენება გადაწყვიტა.

მასალების საყიდელი ფული არ გააჩნდა, ამიტომ უილიამი მშენებლობისთვის გამოსადეგ ნაწილებს ეძებდა. მან შეაგროვა ჯართი, ველოსიპედისა და ძველი ტრაქტორის ნაწილები ადგილობრივი ნაგავსაყრელიდან. დაუღალავად მუშაობის შედეგად, მან, საბოლოოდ, ააშენა ქარის წისქვილი, რომელიც საკმარისად მაღალი გახლდათ იმისათვის, რომ ქარი „დაეჭირა“.

როდესაც ქარის წისქვილის პირებმა ტრიალი დაიწყეს, უილიამის პატარა გენერატორი და მის სახლში ერთი ნათურაც აინთო. ეს ნამდვილი ტრიუმფის მომენტი იყო, თუმცა კამკვამბა აქ არ გაჩერებულა. დროთა განმავლობაში, მან ააშენა უფრო მეტი ქარის წისქვილი, რომელიც სოფელს ელექტროენერგიას აწვდიდა.

უილიამის გამოგონების შესახებ ინფორმაცია, ჯერ ადგილობრივად გავრცელდა, შემდეგ კი, მთელი მსოფლიო მოიცვა. 2007 წელს ის მიიწვიეს TEDGlobal-ის კონფერენციაზე სასაუბროდ, სადაც მისმა ისტორიამ საერთაშორისო საზოგადოება აღაფრთოვანა.

უილიამმა დაწერა მემუარები, სახელად — „ბიჭი, რომელმაც ქარი მოათვინიერა“. ეს წიგნი ბესტსელერი გახდა და მის მიხედვით, Netflix-მა ამავე სახელწოდების ფილმიც გადაიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები